უსმან დემბელე
Aa
Aa

ოქროს ბურთი დემბელეს - პსჟ-ის სრული ტრიუმფი

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა. გასული სეზონის ტრიუმფატორი კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ 28 წლის ლიდერმა გამოკითხვაში მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ლამინ იამალსა და ვიტინიას აჯობა და ჯილდო სრულიად დამსახურებულად ჩაიბარა. რაც შეეხება ქალთა ფეხბურთის ლაურეატს, „ფრანს ფუტბოლის“ პრიზი ზედიზედ მესამედ აიტანა ბონმატიმ მიიღო, რითაც ლიონელ მესისა და მიშელ პლატინის მიღწევები გაიმეორა.

ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის დაწესებული რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო ლამინ იამალმა მიიღო. „ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავმა დეზირე დუეს, ესტევაოს, ჟოაუ ნევეშს და კენან ილდიზს აჯობა. გოგონებს შორის ეს აღიარება წილად ასევე „ბარსელონელს“, 19 წლის ვიკი ლოპესს ერგო.

2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე აღიარეს, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ტრიუმფალური სეზონი ჩაატარა. მან გამოკითხვაში ანტონიო კონტეზე, ჰანსი ფლიკზე, ენცო მარესკაზე და არნე სლოტზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

პსჟ-ის ახლა უკვე ყოფილ წარმომადგენელს დარჩა ლევ იაშინის სახელობის საუკეთესო მეკარისთვის დაწესებული პრიზიც - ჯანლუიჯი დონარუმას კონკურენტები ალისონ ბეკერი, ტიბო კურტუა, იან ზომერი და იასინ ბონო იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ცერემონიაზე პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაც გახლდათ, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა. ხვიჩამ გასულ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩი თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 6 თამაშში 1 ბურთია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში პარიზული კლუბის შემადგენლობაში გამართულ 38 შეხვედრაში 9 ბურთი და 7 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება გუნდურ მიღწევებს, მოიგო საფრანგეთის ლიგა 1, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი.

ფრანგების ტრიუმფი ამით არ დასრულებულა და პსჟ, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები