სპორტინგმა მორეირენსეს მოუგო - ქოჩორაშვილი სასტარტოში იყო
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „მორეიენსეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 54 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველ ნახევარმცველს სტაბილური თამაში ჰქონდა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 54 შეხება, 43-დან 41 ზუსტი პასი, 3-დან 2 ზუსტი გრძელი პასი. 1-დან 1 ზუსტი დრიბლინგი. 6-დან 4 მოგებული პოზიციური დუელი, 1-დან 1 მოგებული საჰაერო დუელი, 1 ჯარიმა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ. 1 განმუხტვა, 1 ვარდნა, 1 ართმევა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.3 ქულით შეფასდა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „სპორტინგმა“ სამივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანა. 76-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში ლუის ხავიერ სუარესმა გახსნა, 90-ე წუთზე პედრო გონსალვეშმა ასევე თერთმეტმეტრიანით სხვაობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი საბოლოო ანგარიში ფოტის იოანიდისმა დააფიქსირა.
გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლისაბონური კლუბის მაისურით მე-8 შეხვედრა ჩაატარა - მე-6 შიდაჩემპიონატში, 1 სუპერთასზე და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე, მის ანგარიშზე კი 1 საგოლე გადაცემაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე „ქაირათის“ წინააღმდეგ შეასრულა.
6 ტურის შემდეგ, „სპორტინგს“ პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 მოგება და 1 მარცხი აქვს და 15 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ლისაბონელები ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩებიან. ქოჩორაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, სტუმრად ნოდარ ლომინაძის „ეშტორილის“ წინააღმდეგ გამართავს.