ფრანგულმა კლუბებმა კვარაზე უარი თქვეს | სანიოლმა საინტერესო ამბავი გაიხსენა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა. სანიოლმა ხვიჩას რუსეთიდან წამოსვლისა და „ნაპოლიში’’ ტრანსფერის პერიოდი გაიხსენა, როცა ქართველი გარემარბის შესახებ ფრანგულ კლუბებს ესაუბრა და ინტერესი მხოლოდ „ნიცამ’’ გამოხატა.
ვილი სანიოლი: „სამი წლის წინ თავს უფლება მივეცი ხვიჩას შესახებ ფრანგულ კლუბებთან მესაუბრა, არ დამცინეს, თუმცა არც სერიოზულად მიიღეს. გამონაკლისი მხოლოდ „ნიცა’’ იყო, ჟულიენ ფურნიე („ნიცას’’ სპორტული დირექტორი 2019-22 წლებში) ფეხბურთელს და მის აგენტს ესაუბრა. სამწუხაროდ, „ნაპოლიმ’’ უფრო სწრად იმოქმედა, მაგრამ ჟულიენი ერთადერთი იყო, რომელსაც ყნოსვა ან თვალი ჰქონდა. ან შესაძლოა დელიკატურობა გამოიჩინა და მომისმინა’’.
2022 წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის’’ ფეხბურთელი გახდა, პირველივე სეზონში „პარტენოპეის’’ სკუდეტოს მოგება დაეხმარა, უდიდესი როლი შეასრულა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ნაპოლიმ’’ კვარა პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გაყიდა (პლუს 10 მილიონი პოტენციური ბონუსების სახით). სეზონის მეორე ნახევარი ქართველი შემტევისთვის ბრწყინვალე გამოვიდა, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.