ანორთოსისმა დაადასტურა - ქეცბაია ფამაგუსტის გუნდს გაწვრთნის
თემურ ქეცბაიას ახალი გუნდი ცნობილია - 57 წლის ქართველი სპეციალისტი მისთვის ნაცნობ სამუშაო გარემოს დაუბრუნდა და „ანორთოსისი“ ჩაიბარა, სადაც კლუბის ნამდვილ ლეგენდად ითვლება. ფამაგუსტური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თემურმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.
კვიპროსის ჩემპიონატში წლევანდელ სეზონში უკვე ორი ტურია ჩატარებული და „ანორთოსისმა“ მხოლოდ ქულა აიღო, რის გამოც ქეცბაიას კვალიფიკაციის სპეციალისტის დაბრუნება ამ კლუბს უდავოდ წაადგება. თემურის დებიუტი სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ შედგება, როდესაც 13 სექტემბერს, გათამაშების მესამე ტურში ფამაგუსტელები საკუთარ სტადიონზე ლარნაკას „აეკს“ უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისმა“ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ქართველ მწვრთნელთან ერთად მიაღწია, როდესაც 2008 წელს თემურმა ეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.