ნაკრების წევრი ჩემპიონში - ჯინჭარაძე სამშობლოში დაბრუნდა
კახა ჯინჭარაძე საქართველოში დაბრუნდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა კონტრაქტი სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისი 2010“-თან გააფორმა და იმერეთის კლუბს უახლოესი მატჩებიდან შეუერთდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.
32 წლის კალათბურთელი ბოლოს ლიბანის ჩემპიონატში ასპარეზობდა და „ტადამონის“ ღირსებას იცავდა, იქამდე კი ძალები ერაყის პირველობაზეც მოსინჯა და თითქმის ყველა შეხვედრაში MVP-ის პრიზის მფლობელი ხდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯინჭარაძისთვის „ქუთაისი“ უცხო ადგილი ნამდვილად არ არის და აზიაში წასვლამდე სწორედ იმერეთის გუნდის ღირსებას იცავდა.
ცნობისათვის, გასულ შემოდგომაზე „ქუთაისმა“ ფიბას ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და ერთი შეხვედრის მოგებაც მოახერხა. ამჟამად კი კოტე ტუღუშის მომზადებული გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.