ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი | პსჟ-ში უკვე 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა
მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით გოლი 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა, რაც ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია. საინტერესო სტატისტიკას ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი აქვეყნებს.
9 გოლით პარიზელებს შორის გონსალუ რამუში ლიდერობს, მას მოჰყვებიან ხვიჩა კვარაცხელია და ჟოაუ ნევეში 6-6 გოლით, ვიტინიას, ბრედლი ბარკოლასა და დეზირე დუეს 5-5 გოლი აქვთ, ნუნო მენდეშსა და უსმან დემბელეს 4-4, სენი მაიულუს - 3, ვილიან პაჩოს, ლი კანგინს, ფაბიან რუისს და აშრაფ ჰაკიმის 2-2, ხოლო მარკინიოსმა, უორენ ზაირ-ემერიმ, იბრაჰიმ მბაიემ, ილია ზაბარნიმ, ლუკას ბერალდომ და ქუენტინ ნჯანტუმ თავი თითოჯერ გამოიჩინეს.
მეორე ადგილზე ევროპის მასშტაბით ლონდონის „ჩელსია“, რომელსაც გოლის 17 განსხვავებული ავტორი ჰყავს, მესამეზე კი „ლივერპული“ – 14 ფეხბურთელით.
„არსენალს“, „ბაიერნს“, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ 13-13 გოლის ავტორი ჰყავთ, მადრიდის „რეალს“ კი 11.
„ეს ლუის ენრიკეს კიდევ ერთი მიღწევაა. გასულ სეზონში ის ამბობდა, რომ რამდენიმე ბომბარდირი სჭირდებოდა და ამ სეზონში გუნდს შეუძლია, ამით იამაყოს. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს კოლექტიური თამაშის სტილს, რომლის დანერგვასაც ლუის ენრიკე ცდილობს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პსჟ-მა კონტინენტთაშორისი თასი მოიგო, „ფლამენგოსთან“ ფინალში თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ კი სუპერპერფორმანსი პარიზელთა მეკარეს, მატვეი საფონოვს ჰქონდა, რომელმაც 11-მეტრიანების სერიაში ზედიზედ 4 დარტყმა მოიგერია.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ენრიკეს გუნდი 4 იანვარს თანაქალაქელი „პარიზის“ წინააღმდეგ გამართავს.