“თავდაჯერებულს მხდის“ - ასენსიომ ჩაბი ალონსო დაიცვა
მადრიდის რეალში დანიშვნის შემდეგ, ჩაბი ალონსოს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ფეხბურთელი აუჯანყდა კიდეც, ზოგი კი მას საჯაროდ იცავს.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ესპანელ სპეციალისტს ისეთი ფეხბურთელები იცავენ, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილებოდნენ. საუბარი როდრიგო გოეშზე და რაულ ასენსიოზეა.
მაგალითად, ბლანკოსის უკანახაზელმა MARCA-სთან საუბრისას განაცხადა:
„2025 წელი ძალიან კარგი და განსაკუთრებული იყო. ეს ჩემი პირველი სრული წელია უმაღლეს ლიგაში. ემოციები ხშირად იცვლება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით. მთავარი ის არის, რომ კარგად ვთამაშობთ და იმედი მაქვს, 2026 წელსაც ასე გაგრძელდება.
მინდა, რომ მომავალ წელს რეალმა საუკეთესო მომენტები დააგროვოს, რომლებსაც წლების შემდეგ ყველა გაიხსენებს. ალონსო? ის მე თავდაჯერებულობას მაძლევს, რომ ყველა პოზიციაზე ვითამაშო. ამით მე ბედნიერი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ელ კლასიკოს მოგების შემდეგ, რეალი ბარსელონას 5 ქულით უსწრებდა, თუმცა ამის შემდეგ, სამეფო კლუბში კრიზისი დაიწყო და ახლა ბლაუგრანა მადრიდულ გრანდს 4 ქულით უსწრებს.
რაულ ასენსიოს დებიუტი გასულ სეზონში შედგა, როდესაც რეალს თითქმის ყველა ცენტრალური მცველი ტრავმირებული ჰყავდა. ესპანელმა უკანახაზელმა დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 63 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.