ძალიან ტექნიკურია და ნამდვილი მებრძოლია | ვან დუინენი იეგოიანს აქებს
„ექსელსიორის’’ ნიდერლანდელმა ფორვარდმა მაიკ ვან დუინენმა ქართველ თანაგუნდელზე, ირაკლი იეგოიანზე ისაუბრა. დუინენის კომენტარს ნიდერლანდური გამოცემა Rijnmond-ი ავრცელებს.
მაიკ ვან დუინენი: „ირაკლი ბურთთან ძალიან კარგია, ძალიან ტექნიკურია. ასევე, ნამდვილი მებრძოლია, რომელსაც ლომის გული აქვს. ძალიან ბევრს დარბის და თითოეული ბურთისთვის თავს დებს. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ჩვენთვის იდეალური ფეხბურთელი იყო“.
2024-25 წლების სეზონის „ვიტესის’’ საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი მიმდინარე სეზონის დასაწყისში „ექსელსიორში’’ გადავიდა, ერედივიზიეში სადებიუტო სეზონს ატარებს, სეზონის პირველ ნახევარში 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ტურის სიმბოლურ გუნდში ორჯერ მოხვდა. ასევე, გასულ შაბათს „ზვოლეს’’ გამარჯვების გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. წელი გამარჯვებით, შესანიშნავ განწყობაზე დაასრულა.
Transfermarkt-ი „ექსელსიორში'' გადასვლისას იეგოიანს 700 000 ევროდ აფასებდა, ახლა კი მისი ფასი მილიონ ევრომდე გაიზარდა.