„ბომბარდირზე მეტია“ - მათეუსმა კეინი შეაქო
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა გუნდის ცენტრფორვარდზე, ჰარი კეინზე ისაუბრა და მას ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. მათეუსის თქმით, კეინმა მის ტრანსფერთან დაკავშირებულ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„ჩემი აზრით, ის ამჟამად ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. კეინი არ არის მხოლოდ ბომბარდირი, რომელმაც 19 გოლის გატანა მოასწრო. მოედანზე და მის მიღმა ეს სულ სხვა ადამიანია და საერთოდ არ ჰგავს იმ კეინს, რომელიც „ბაიერნმა“ ორი წლის წინ იყიდა.
კეინი ბომბარდირობისთვის შეიძინეს, რათა მას რობერტ ლევანდოვსკი შეეცვალა, თუმცა ინგლისელი ამჟამად „ბაიერნისთვის“ ბომბარდირზე გაცილებით მეტია. მას შეაქვს თავისი წვლილი გუნდის წარმატებაში, მუხლჩაუხრელად მუშაობს და სხვებს აძლევს მოტივაციას.
ჰარიმ ტიტულების შეგროვება მხოლოდ ახლა დაიწყო და ყველას სურს, რომ ის „ბაიერნში“ კიდევ დიდხანს დარჩეს. მისგან ბევრს ითხოვდნენ, თუმცა ჰარიმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის 15 მატჩში კეინის ანგარიშზე 19 გოლია. „ბაიერნმა“ მასში „ტოტენჰემს“ 2023 წელს 95 მილიონი ევრო გადაუხადა.