ინტერ მაიამი მინდვრის საფარს ყიდის | ფასი 50-დან 725 დოლარამდე მერყეობს
MLS-ის გასული სეზონის ჩემპიონი „ინტერ მაიამი“ გახდა. ლიონელ მესის გუნდი ფინალში „ვანკუვერ უაითკეპსს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. „ინტერ მაიამი“ MLS-ის ტრიუმფატორი ისტორიაში პირველად გახდა და კლუბმა ამ წარმატების აღსანიშნავად განსაკუთრებული აქცია წამოიწყო.
ფლორიდელებმა გადაწყვიტეს, გაყიდონ მინდვრის საფარი, რომელზეც საშინაო მატჩებს ატარებდნენ. „ინტერ მაიამი“ თამაშებს „ჩეიზ სტედიუმზე“ მასპინძლობდა და ისტორიული გაზონის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი ფასი 50-დან 725 აშშ დოლარამდე მერყეობს.
მინდვრის საფარის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი ნაწილის შეძენა გსურთ და როგორ შეფუთვას აირჩევთ. როგორც ცნობილია, მომდევნო სეზონიდან „ინტერ მაიამი“ ახალ საშინაო არენაზე — „მაიამი ფრიდომ პარკზე“ — იასპარეზებს, რამაც კლუბს აღნიშნული კამპანიის წამოწყებაში ხელი შეუწყო.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამიმ“ რეგულარული სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. ლიონელ მესის გუნდმა პირველ რაუნდში „ნეშვილი“ დაამარცხა, ნახევარფინალში „ცინცინატს“ სძლია, ხოლო კონფერენციის ფინალში „ნიუ იორკ სიტის“ აჯობა.