შენგელიას 13 ქულა - ბარსა თასის ნახევარფინალშია
საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ესპანეთის სამეფო თასის გათამაშება წარმატებულად დაიწყო. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ტურნირის მეოთხედფინალში „მურსია“ 6-ქულიანი სხვაობით, 91:85 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს შედეგიანი მატჩი ჰქონდა და გუნდის გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. თოკომ ერთიდან ერთი სამქულიანი, რვიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ერთადერთი მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, სამეფო თასის ფინალის საგზურისთვის თორნიკე შენგელიას ბრძოლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს. „ბასკონია“ - „ბარსელონას“ ნახევარფინალი დღეს, თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.