შერმადინის 8 ქულა - ტენერიფე სამეფო თასს გამოეთიშა
საკალათბურთო კლუბ „ლაგუნა ტენერიფესთვის“ ესპანეთის სამეფო თასის გათამაშება სამწუხაროდ პირველივე ეტაპზე დასრულდა. გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდნენ და ათქულიანი სხვაობით, 81:91 დამარცხდნენ.
კანარის კუნძულების კლუბის 36 წლის ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საერთო ჯამში პარკეტზე 17 წუთი გაატარა და 8 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა ოთხიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, სამივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „მანრესასთან“ გამართავენ და მატჩი 7 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.