„ესპანეთის თასის მოგება ჩემი ოცნებაა“ - თორნიკე შენგელია
დღეს თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში „მურსიას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
„ვალენსიაში ვბრუნდები, სადაც 17 წლის ასაკში ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი მქონდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები იქ გავატარე, კლუბმა შანსი მომცა და იქ დღემდე მყავს მეგობრები. ვალენსიაში დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ტიტულის მოგება ჩემი ოცნებაა და ახლა მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული.
ესპანეთის თასი არ მაქვს მოგებული და ახლა ამის შანსი მომეცა. მეტოქეს კარგად ვიცნობთ, მაგრამ ყველაზე მთავარი საკუთარი თამაშის ჩვენება იქნება - „ბარსელონა“ მზადაა.
თავს კარგად ვგრძნობ, ვცდილობ ყველა მომენტში სასარგებლო ვიყო: დაცვაში, შეტევაში, სათადარიგოთა სკამზე და გასახდელშიც. არ მინდა, მხოლოდ ერთი კონკრეტული ამოცანის შესრულებით ვიყო დაკავებული.
გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება კალათბურთის უკეთ გაგებაში, ბურთის სწორად განაწილებაში და თითოეული სიტუაციის სწორად აღქმაში მეხმარება“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში შენგელია საშუალოდ 13.0 ქულას, 4.3 მოხსნას, 2.7 შედეგიან გადაცემას, 0.8 ჩაჭრასა და 0.4 დაფარებას აგროვებს.