„ვინისიუსს რომ ეთქვა, მთელი გუნდი მოედანს დატოვებდა“ - არბელოა
„ოსასუნასთან“ მატჩის წინ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუს ჟუნიორსა და „ბენფიკას“ ფეხბურთელ ჯანლუკა პრესტიანის შორის მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ვინისიუსი აღშფოთებული იყო, ისევე როგორც მთელი ჩვენი გუნდი. ეს რასიზმის გამოვლინება იყო და არავის გვსურს, რომ ასეთი რამ ოდესმე განმეორდეს. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არაა. ახლა გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დავტოვოთ.
ვფიქრობ, ჩემი სათქმელი გასაგებად გადმოვეცი: ყველაზე მთავარი ასეთ ფაქტებთან ბრძოლაა. ეს მიუღებელია და ამის მოთმენას არ ვაპირებთ. მომხდარს ვერაფერი გაამართლებს.
ვინისიუსს რომ მატჩის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, მოედანს მთელი გუნდი დატოვებდა. ვერც ერთი ტიტული ვერ მაგრძნობინებს ისეთ სიამაყეს, როგორიც ლისაბონში დამეუფლა, როცა გუნდის ერთიანობა დავინახე“.
ცნობისთვის, „ბენფიკასა“ და „რეალის“ მატჩის მეორე ნახევარში ვინისიუსი შეხვედრის მთავარ არბიტრთან, ფრანსუა ლეტექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა.