სერიოზული სანქციები | რა სასჯელი ემუქრება პრესტიანის თუ რასიზმი დაუმტკიცდა
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „ბენფიკა“ „რეალს“ ხვდება. „არწივებმა“ პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართეს და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა, რომელმაც „ბენფიკას“ კარი 49-ე წუთზე აიღო.
„ვინის“ გოლის შემდეგ რასისტული სკანდალი მოხდა. ვინისიუსი მთავარ მსაჯთან, ფრანსუა ლეტექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ ჯანლუკა პრესტიანიმ რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა.
უეფამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. RMC Sport-ის ინფორმაციით, თუ პრესტიანის დანაშაული დაუმტკიცდა, მას სერიოზული სანქციები დაეკისრება. ფრანგული გამოცემის მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს მინიმუმ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ცნობისთვის, პრესტიანი ამბობს, რომ უდანაშაულოა. მატჩის შემდეგ მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვინისიუსმა ყველაფერი არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ რეალურად ის უთხრა, რაც მოეჩვენა. პრესტიანი აცხადებს, რომ რასიზმი არავის მიმართ გამოუჩენია და რასისტი არ არის.