„კარგი თამაში ჰქონდა, გამორჩეული იყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა გამართა და „მონაკო“ სტუმრად 3:2 დაამარცხა. ქართველმა გარემარბმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, აქტიური იყო, პენალტი მოიპოვა და მოედანზე 69 წუთი გაატარა. მის თამაშს ფრანგული პრესა გამოეხმაურა და „კვარას“ გამოსვლა დადებითად შეაფასა.
L’Equipe: „ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში ჰქონდა. ის თანაგუნდელებთან უფრო შეთამაშებული ჩანდა და რეალური განსხვავება შექმნა, რის დასტურიც 21-ე წუთზე მოპოვებული პენალტია. ბევრი შანსი ჰქონდა და კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. პარი სენ-ჟერმენის მესამე გოლში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი შეცვალეს.“
Le Parisien: „კვარაცხელიამ, რომელიც უმეტესწილად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, ფაესის შეცდომით ისარგებლა და პენალტი მოიპოვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ვიტინიამ გააფუჭა. კარგი სოლორეიდების მიუხედავად, სიზუსტე აკლდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მან პარი სენ-ჟერმენის მესამე გოლში მიიღო მონაწილეობა.“
Footmercato: „მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე კვარაცხელიას საკუთარი კვალის დასატოვებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. პირველი სახიფათო შერბენა მე-13 წუთზე ჰქონდა, მალევე კი ფაესის შეცდომით ისარგებლა და პენალტი მოიპოვა. ბევრჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მცდელობები მაინც დაუფასდა — მის პასს პარი სენ-ჟერმენის საგოლე შეტევა მოჰყვა.“
Maxifoot: „პარი სენ-ჟერმენის გარემარბმა „მონაკოს“ პრობლემები შეუქმნა. ჰქონდა შთამბეჭდავი სოლორეიდები და მოიპოვა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ვიტინიამ ვერ გამოიყენა. „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბევრი მომენტი შექმნა და ბრწყინვალე ინდივიდუალური გარბენის შემდეგ გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. თამაშს მოძრაობა და ენერგია შემატა; დეზირე დუეს მეორე გოლის ეპიზოდში კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.“
Sofoot: „ნეაპოლელი მაქსიმუმს აკეთებს, ბევრს ცდილობს და, ლოგიკურად, ხშირად არის მომენტები, როდესაც არაფერი გამოსდის. მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი მატადორია.“
90Min: „მის ფეხებში ცეცხლი იგრძნობოდა, თუმცა ან არ უმართლებდა, ან სიზუსტე აკლდებოდა. ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო და პენალტიც მოიპოვა, თუმცა ვიტინიამ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. პირველ ტაიმში ბრწყინვალე იყო, მეორეში — შედარებით პასიური. მისი გამოსვლა მაინც დამაკმაყოფილებელი გახლდათ, რადგან საწყის წუთებში, როდესაც პსჟ-ს ჩავარდნა ჰქონდა, გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.“
Parisfans: „როდესაც კვარაცხელია თამაშობს, სახიფათო სიტუაციები ყოველთვის იქმნება. მას უბრალოდ ესაჭიროება, რომ გადამწყვეტი პასის ან დარტყმის დროს უფრო ზუსტად იმოქმედოს. მომენტების შექმნა კარგია, გოლების გატანა — უკეთესი. ბევრს ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მისგან მეტს ველოდებით.“
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ ხვიჩამ დისკომფორტი იგრძნო და ლუის ენრიკემ მისი შეცვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები