ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბრწყინავს, როდესაც წნეხი დიდია“ | Marca-მ კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა

„კვარაცხელიას ეფექტი და ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთი ლიდერი“ — ასეთია Marca-ს სტატიის სათაური, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ეძღვნება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „კვარას“ მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის პარიზული გუნდის ფარული ლიდერია.

„ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენის“ ფარული მარგალიტია. იგი ისეთ ყურადღებას არ იქცევს, როგორსაც ვიტინია ან დემბელე, თუმცა მისი სტატისტიკა და შეტევებში შეტანილი წვლილი მას გუნდის კიდევ ერთ უპირობო ლიდერად აქცევს. და მართლაც, დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება.

წლების წინ კვარაცხელია ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა არა „ნაპოლისთვის“. „პარტენოპეიმ“ შანსი გამოიყენა და ხვიჩა „დინამო ბათუმიდან“ გადაიყვანა — გუნდიდან, რომელსაც ქართველი გარემარბი რუსეთში გატარებული სამ-ნახევარი სეზონის შემდეგ შეუერთდა. ნეაპოლელი გულშემატკივრისთვის კვარაცხელია „ახალი სუნთქვა“ აღმოჩნდა, რომელსაც ისინი დიდხანს ელოდნენ. სადებიუტო სეზონშივე, ხვიჩას დახმარებით, „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი მხოლოდ მისი პროგრესის მომსწრე კი არ გახდა, არამედ სიამოვნება მიიღო იმ ფეხბურთელის თამაშით, რომელმაც „ნაპოლის“ მაისურით 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ დიდმა წინსვლამ და საკლუბო წარმატებამ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი მოუტანა.

მისი პარიზული კარიერა უნაკლოდ დაიწყო. „პარკ დე პრენსზე“ გატარებულ პირველ ექვს თვეში მან იმაზე უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე ბევრი მოელოდა. ჩემპიონთა ლიგა იქცა იმ სცენად, სადაც კვარაცხელიას ტრიუმფი ვიხილეთ: ლუის ენრიკეს გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხვიჩამ კი ფინალში, „ინტერის“ წინააღმდეგ, გოლი გაიტანა. 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონიც მსგავსი სცენარით მიმდინარეობს — ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედება უკვე ხუთ შეხვედრაში შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელია დიდი ზეწოლის პირობებში ბრწყინავს. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, საფრანგეთის სუპერთასსა და უეფას სუპერთასზე ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გოლიც გაიტანა. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ 25 წლის გარემარბი არ არის ფეხბურთელი, რომელიც კარგად მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა ყველაფერი მის სასარგებლოდ მიდის; ის ზეწოლას შესანიშნავად უმკლავდება.

კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატში სტაბილურ ფორმას ინარჩუნებს და პარიზულ კლუბს, რომელიც მეორე ადგილზეა და „ლანსს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მდგომარეობას უმსუბუქებს. „მარსელთან“, „ლიონთან“ და „მონაკოსთან“ გატანილი გოლები კიდევ ერთხელ ადასტურებს ხვიჩას კლასს. ის არის მოთამაშე, რომელიც წნეხს თავის სასარგებლოდ იყენებს და ასეთ პირობებში სხვებზე მაღალ დონეზე ადის.

მისი დაბრუნების შემდეგ ლუის ენრიკემ შვებით ამოისუნთქა. კვარამ „ნიუკასლთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, თუმცა რამდენიმე დღეში, „მარსელთან“ შეხვედრაში უკვე მოედანზე იყო და „ლე კლასიკში“ შესანიშნავი გოლიც გაიტანა. აღიარება მხოლოდ ენრიკესგან არ მოდის — უსმან დემბელეც იმავე აზრზეა. თუ „პარი სენ-ჟერმენის“ ეს ორი ვარსკვლავი ფორმას შეინარჩუნებს, პსჟ კვლავ ყველა ტიტულის მთავარი ფავორიტი იქნება.

მისი პერფორმანსი შემთხვევითობა არ არის — ეს შრომისა და თავდადების შედეგია. კვარაცხელია უკვე კონტინენტური მასშტაბის ვარსკვლავია. 2025 წელს მან „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს, იმ მოთამაშეთა შორისაა, რომელთაც „ძველ კონტინენტზე“ დომინირება შეუძლიათ“, — წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, „მონაკოსა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 17 თებერვალს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე