„ამის გამო ყოველთვის დავცინოდი“ - დიბალამ კრიშტიანუ გაიხსენა
პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ ერთად სამი წლის განმავლობაში, 2018 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდნენ და ისევე როგორც პორტუგალიელის ყოფილ თანაგუნდელთა უმრავლესობა, არგენტინელიც კრიშტიანუს დადებითად იხსენებს. დიბალა სტუმრად მისი ქვეყნის მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ნამდვილი ლეგენდის, ავგუსტინ კრევის პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ხოლო რონალდუსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა:
„საოცარი პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია ყოველდღე ახალი რაღაცით გაგაოცოს. გამუდმებით თავს უვლის და წინასწარ გაწერილ გეგმას არასოდეს გადაუხვევს. ვარჯიშზე მუდამ დილის 8-9 საათზე მოდიოდა და სახლში იქამდე არ წავიდოდა, სანამ საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში, ცივი შხაპის და საუნის პროცედურებს ბოლომდე არ შეასრულებდა.
წაგებასა და მომენტის გაფუჭებას ვარჯიშებზეც კი ვერ ეგუებოდა. მოედნის მიღმა კი ძალიან სასიამოვნო ადამიანი გახლდათ - გუნდურ ვახშამზე ხშირად მოდიოდა და თერმოსში მატე (პერუული უკოფეინო სასმელი) ჰქონდა ჩასხმული, სულ ამას სვამდა, რის გამოც გამუდმებით დავცინოდი“.
ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ ყველა ტურნირზე გამართულ 134 მატჩში 101 გოლი აქვს გატანილი და ბიანკონერისთან ერთად ორჯერ სერია A (2019, 2020), ორჯერ იტალიის სუპერთასი (2018, 2020) და ერთხელ იტალიის თასი (2021) მოიგო.