კროოსი: რონალდუს მიმართ უპატივცემულობას იჩენენ
მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი, ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს საკმარისი პატივისცემით არ ეპყრობიან.
პორტუგალიელმა საუდის პრო ლიგის მატჩები „ალ-რიადისა“ და „ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ გამოტოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) „ალ-ნასრს“ კონკურენტებთან შედარებით და თვლის, რომ კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელს უშლიან. „რონისთვის“ ბოლო წვეთი ბენზემას „ალ ჰილალში“ ტრანსფერი იყო, რომელმაც მისი გუნდის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შეამცირა.
„საუდის არაბეთის ჩემპიონატი უცნაური მოვლენაა. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლამდე მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი უპატივცემულობას იჩენენ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ისინი მსოფლიო რუკაზე გამოაჩინა.
დარწმუნებული ვარ, თუ კრიშტიანუ წავა, ეს ლიგა მთელ თავის მიმზიდველობას დაკარგავს“,
- განაცხადა კროოსმა პოდკასტში Einfach mal Luppen.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რონალდუმ გაფიცვა შეწყვიტა და მოსალოდნელია, რომ ის მოედანს შაბათს, „ალ-ფატეხთან“ მატჩში დაუბრუნდება.