გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის სუპერმატჩი - ქართველი ბომბარდირის გოლს პლუს ასისტი

„ვილიარეალმა“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში საკუთარ სტადიონზე „ესპანიოლი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. „ყვითელი სუბმარინას“ 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ეფექტური გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მასთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ორმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი.

35-ე წუთზე მასპინძლები სწორედ მიქაუტაძემ დააწინაურა - ბიუქენენის თავური პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, რომელიც კატალონიელების კარში აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა და „ესტადიო სერამიკას“ პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ზუსტად ექვს წუთში დაბნეულმა სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში სალინასის ავტოგოლის შედეგად, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკოლას პეპეს გოლიც მოჰყვა. 55-ე წუთზე კი, მიქაუტაძემ დასარტყმელ პოზიციაზე მოლეირო გაიყვანა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ქართველმა აქტივში ასისტიც ჩაიწერა.

გიორგის ბურთის გატანა მატჩის დასაწყისშიც შეეძლო, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა. 73-ე წუთზე კი, როდესაც მარსელინო გარსია ტორალმა ის შეცვალა, გიორგი გულშემატკივრებმა დიდი ოვაციებით გააცილეს.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ათბალიანი სისტემით 8.7 მეათედი შეფასება მიიღო, 3 საკვანძო გადაცემა შეასრულა, ბურთს 18-ჯერ შეეხო და დრიბლინგის ორი მცდელობიდან ერთი წარმატებით დაასრულა. 

ცნობისათვის, ამ გამარჯვებით „ვილიარეალმა“ ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მიქაუტაძის ანგარიშზე კი პრიმერადივიზიონში უკვე 10 (6 გოლი, 4 ასისტი) საგოლე მოქმედებაა. მომდევნო ტურში „ყვითელი სუბმარინა“ 14 თებერვალს, სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდება და მატჩი თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილს და კვერნაძეს კარგი თამაში დაუფასდათ | ორივე ტურის სიმბოლურშია
ლოჩოშვილს და კვერნაძეს კარგი თამაში დაუფასდათ | ორივე ტურის სიმბოლურშია