დაბრუნდა და 4 წუთში გაიტანა - კვარას შედევრი მარსელთან
რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ შეხვედრას ატარებს ევროპულ ფეხბურთსა და ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“, ხვიჩა კვარაცხელია მით უფრო მეტად ამტკიცებს, რომ დიდი მოთამაშე და ამჟამად მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავებისას მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზული ჩანდა, მაგრამ საბედნიეროდ ხვიჩა მალე გამოჯანმრთელდა, დაბრუნდა და დაბრუნდა ისე, თითქოს არც დაუსვენია.
„მარსელთან“ ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ 5:0 მოიგო, ხვიჩა მოედანზე დეზირე დუეს ნაცვლად 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ცვლილებაზე შესვლიდან ზუსტად ოთხ წუთში კი ქართველმა ვარსკვლავმა უსმან დემბელეს გადაცემის შემდეგ ბურთი უძლიერესი დარტყმით გადაგზავნა „ოლიმპიკის“ კარში და ადგილობრივი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.
ხვიჩასთვის ეს წლევანდელ ლიგა 1-ში მეოთხე, ყველა ტურნირზე კი მერვე ბურთი იყო. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პსჟ-ის შემადგენლობაში საუკეთესო დემბელე გახლდათ, რომლის ანგარიშზეც დუბლი და საგოლე პასია, ერთხელ სტუმრებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი, ხოლო ერთ შემთხვევაში ლი-კანგ ინმა გაიტანა.
ცნობისათვის, ამ გამარჯვებით „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა და მეორეზე მყოფ „ლანსს“ ორი ქულით გაუსწრო. მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ლიგა 1-ში 13 თებერვალს სტუმრად „რენთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.