გართობიდან ოლიმპიურ სანახაობამდე - სპორტი, რომელსაც „ყინულის ჭადრაკს“ უწოდებენ
კერლინგი სტრატეგიის, სიზუსტისა და გუნდური მუშაობის საოცარი სიმბიოზია, რომელსაც ხშირად „ყინულის ჭადრაკსაც“ უწოდებენ. სპორტის ეს სახეობა, რომელიც ინტელექტუალურ სიღრმესა და ფიზიკურ აქტივობას აერთიანებს, დიდი ხანია გასცდა ეგზოტიკური გართობის სტატუსს და მყარად დაიმკვიდრა ადგილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.
ამ სპორტის პოპულარობა განპირობებულია ხელმისაწვდომობისა და პროფესიონალურ დონეზე ოსტატობისადმი მაღალი მოთხოვნების უნიკალური შერწყმით.
ისტორია
კერლინგი ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობაა, რომლის ისტორიაც რამდენიმე საუკუნეს ითვლის. თამაშის სამშობლო შოტლანდიაა, სადაც XVI საუკუნეში, ადგილობრივებმა ზამთრის გართობა თანამედროვე კერლინგის პროტოტიპად აქციეს. გაყინულ წყალსაცავებზე შოტლანდიელები სამიზნეებს ხატავდნენ და ყინულზე ჩვეულებრივი ქვების გასრიალებით ერთმანეთს სიზუსტეში ეჯიბრებოდნენ.
თამაშის სახელწოდება მხოლოდ XVII საუკუნეში გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, თამაშმა სახელი მიიღო ზმნიდან curr. შოტლანდიურ ენაზე ის „ღრიალს“ ან „ღმუილს“ ნიშნავს — სწორედ ეს არის უსწორმასწორო ყინულზე მოძრავი ქვებისთვის დამახასიათებელი ხმა. თავდაპირველად კერლინგს გაყინულ წყალსაცავებზე თამაშობდნენ.
დანამდვილებით ცნობილია, რომ პირველი საკერლინგო კლუბები შოტლანდიაში XIX საუკუნეში გაჩნდა. სხვა ქვეყნებში შოტლანდიელების გადასახლებასთან ერთად, ზამთრის ეს უჩვეულო სპორტიც მათთან ერთად ვრცელდებოდა. ასე გაჩნდა კერლინგი აშშ-ში, კანადაში, სკანდინავიის ქვეყნებში, შვეიცარიასა და ახალ ზელანდიაშიც კი.
სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი XIX საუკუნის დასაწყისს დაემთხვა, როდესაც კლუბმა „დადინგსტონმა“ თამაშის პირველი ოფიციალური წესები დაამტკიცა. ამ წესებმა საფუძველი ჩაუყარა კერლინგის თანამედროვე ვერსიას და სპორტსმენებს საშუალება მისცა, შეემუშავებინათ სტრატეგიები, დაეხვეწათ ტექნიკა და შეჯიბრებები სისტემატურ საფუძველზე ჩაეტარებინათ.
მსოფლიო პოპულარობა კერლინგმა XX საუკუნეში მოიპოვა. ამ საუკუნის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი გაჩნდა. 1959 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, ევროპის პირველობა კი 1975 წლიდან ტარდება. ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებით კერლინგს ორი მნიშვნელოვანი თარიღი აქვს. 1924 წელს ის პირველად იყო წარმოდგენილი, ხოლო 1998 წლიდან კერლინგი ზამთრის თამაშების პროგრამაში სტაბილურადაა წარმოდგენილი.
ამგვარად, სახალხო გართობიდან ოლიმპიურ დისციპლინამდე განვლილი გზის შემდეგ, კერლინგი ჩამოყალიბდა როგორც სერიოზული სპორტი, რომელიც მოითხოვს ოსტატობას, ტაქტიკასა და გუნდურ შეთამაშებას.
თამაშის წესები
თამაშის პრინციპი მარტივია. ყინულზე ორი გუნდი იმყოფება, რომლებიც ქვებს რიგრიგობით (აცურებენ. მიზანია საკუთარი გუნდის ქვები სამიზნესთან რაც შეიძლება ახლოს აღმოჩნდეს. სამიზნეს „სახლს“ (ინგლ. house) უწოდებენ.
ორივე გუნდში ოთხ-ოთხი მოთამაშეა - პირველი, მეორე, ვიცე-სკიპი და სკიპი (კაპიტანი). თამაშის ერთ რაუნდში, რომელსაც „ენდი“ ეწოდება, თითოეულ მოთამაშეს 2 ქვის სროლა შეუძლია. ქვების გაშვების გარდა, კაპიტანი გუნდის მოქმედებებს მართავს; მაგალითად, მას შეუძლია გუნდის მოქმედებებს მიმართულება მისცეს და განსაზღვროს, თუ როგორ უნდა გაუშვან შემდეგი ქვა.
როდესაც 16-ივე ქვას გაათამაშებენ, ენდი სრულდება. ქულებს მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი იღებს. ქულების დასათვლელად უყურებენ, მოცემული გუნდის რამდენი ქვა მდებარეობს „სახლის“ ცენტრთან უფრო ახლოს, ვიდრე მოწინააღმდეგის საუკეთესო ქვა. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ქვები, რომლებიც „სახლს“ ეხება.
მომდევნო ენდს ყოველთვის ის გუნდი იწყებს, რომელმაც ქულები მოიპოვა. წინა ენდში დამარცხებულ გუნდს კი ბოლო ქვის სროლის უპირატესობა რჩება. როგორც წესი, თამაშობენ დროის შეზღუდვით; თამაში 2-2,5 საათს გრძელდება, ან მანამ, სანამ ენდების წინასწარ შეთანხმებულ რაოდენობას არ გაათამაშებენ.
გამარჯვებული ის გუნდი ხდება, რომელიც საბოლოო ჯამში მეტ ქულას დააგროვებს.
რატომ ღირს კერლინგის ქვა ასე ძვირი?
კერლინგის ქვები გრანიტისგან მზადდება და დაახლოებით 20 კილოგრამს იწონის. ქვას აქვს სახელური, რომელიც მოთამაშეს მისი დაჭერისა და მისთვის სასურველი ბრუნვის მინიჭების საშუალებას აძლევს.
ოლიმპიადისთვის სერტიფიცირებული კერლინგის ერთი ქვა 600 დოლარზე მეტი ღირს. შესაბამისად, 16 ქვისგან შემდგარი სრული კომპლექტის ღირებულება 9 600 დოლარს შეადგენს.
2006 წლიდან, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოყენებული თითოეული ქვა შოტლანდიური კომპანიისგან - Kays of Scotland-ისგან მოდის. კომპანია კერლინგის ქვებს 1851 წლიდან აწარმოებს.
თუმცა, ამ ქვების დამზადება მარტივი სულაც არ არის. თითოეული ქვის დასამზადებლად კომპანია Kays-ი იყენებს გრანიტს შოტლანდიის სანაპიროსთან მდებარე ერთი პატარა კუნძულიდან, რომელსაც ეილსა-კრეიგი ჰქვია.
ეილსა-კრეიგის გავრცელებული მწვანე და ცისფერი გრანიტის შერწყმით, Kays-ი აწარმოებს ერთადერთ ქვებს, რომლებიც დაშვებულია მსოფლიო კერლინგის ფედერაციის ტურნირებსა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.