ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„ძმები ვართ, მისით ძალიან ვამაყობ“ | წიტაიშვილი L'Equipe-ს კვარაზე ესაუბრა

„მეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა. „წიტას“ გუნდის მომდევნო მეტოქე „პარი სენ-ჟერმენი“ გახლავთ და გიორგიმ განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო.

„ხვიჩა კვარაცხელია ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. ის ყველას უყვარს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ქვეყნის საფეხბურთო კერპია. თუმცა უმთავრესი ის არის, რომ ხვიჩა პიონერია. კვარაცხელიასა და მისი ტალანტის წყალობით, ბევრი ქართველი გადავიდა ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებში.

ხვიჩას მამა, ზურიკოს მამა და მამაჩემი ფეხბურთელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ჩვენ ერთმანეთი საქართველოს ნაკრებში გავიცანით და გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთში ვთამაშობთ, ერთმანეთს შედარებით მარტივად ვხვდებით და ამის წყალობით ძალიან დავახლოვდით. ერთად ცხოვრებაზეც გვიხუმრია და წარმოგვიდგენია, რა სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია.

ერთსა და იმავე კლუბში თამაში… ეს დაუჯერებელი იქნებოდა. ყოველდღე ერთად ვარჯიში ახდენილი ოცნებაა. ხვიჩას ძალიან კარგად ვიცნობ და მართალია, ორივე მარცხენა გარემარბები ვართ, მაგრამ ვიცი, რომ ადაპტაცია და მის გვერდით თამაში შემიძლია. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და იმედია, ერთ დღეს თანაგუნდელები ვიქნებით.

ძალიან ბევრი ადამიანი ხვიჩას მხოლოდ ვარსკვლავად ხედავს. პირველ რიგში, კვარაცხელია არის ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ ღირებულებებსა და რწმენას იცავს, რაც დიდი იშვიათობაა. ის მისაბაძი მაგალითია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საფეხბურთო კერპია, მაგრამ მას მეგობრად, ძმად და მაგალითის მომცემ ადამიანად აღვიქვამ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა. ადრეულ ასაკში მოუწია სხვა ქვეყანაში წასვლა და ოჯახისგან შორს ყოფნა, თუმცა საკუთარი ოცნება მაინც აისრულა.

ხვიჩათი ძალიან ვამაყობდი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ფინალში გოლი გაიტანა. ის დღე საქართველოსთვის განსაკუთრებული და შესანიშნავი იყო. მგონი, საქართველოში უფრო დიდი ზეიმი იყო, ვიდრე პარიზში. პარი სენ-ჟერმენთან მატჩი? მოედანზე მეტოქეები ვართ. სამი ქულა ყველაფერზე მეტად გვინდა და ძალიან გვჭირდება, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ მეგობრები, ძმები ვართ და მშვიდად ვსაუბრობთ.

საქართველოში განსაკუთრებული მებრძოლი სულია და, ალბათ, უფრო გამორჩეული ხასიათიცაა, ვიდრე სხვაგან. ყველამ რთული პერიოდი გავიარეთ და ოჯახური პრობლემები გვქონდა, რამაც მენტალურად გაგვაძლიერა. გვინდა, ყველა ბურთისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოლოთ და ხვიჩა ამას, როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანი, იდეალურად განასახიერებს.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მეცის“ დაპირისპირება 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:05-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი თამაშია, სამი ქულა გვჭირდება“ | ლუის ენრიკე მეცთან მატჩის წინ
„მნიშვნელოვანი თამაშია, სამი ქულა გვჭირდება“ | ლუის ენრიკე მეცთან მატჩის წინ