„მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს, მილუოკიში უკვე აღარ ვიქნებოდი“ - იანისი
„მილუოკი ბაქსის“ ლიდერი იანის ანტეტოკოუნმპო არ გამორიცხავს, რომ კლუბი შეიძლება 2028 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, თუმცა ბერძენი კალათბურთელი ამბობს, რომ ძალების დაზოგვას მომდევნო სეზონში არ აპირებს და სანამ ჯანმრთელი იქნება, ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
„ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ დღესდღეობით „მილუოკიში“ ვარ. აქ ხალხს ვუყვარვარ, ძალიან მინდა კიდევ ერთი ჩემპიონობის მოგება, თუმცა ტრეიდს არასოდეს მოვითხოვ.
არ ვიცი, წავალ თუ არა ამ ზაფხულში. ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ალბათ უკვე „ბაქსში“ აღარ ვიქნებოდი. წელიწად-ნახევარში კონტრაქტი ამომეწურება, 32 წლის ვიქნები და დამოუკიდებლად შევძლებ გადაწყვეტილების მიღებას.
არ ვაპირებ ძალების დაზოგვას და ვერავინ გამიბედავს ამის თქმას. ამის უფლება არავისთვის მიმიცია - სანამ ჯანმრთელი ვიქნები, ყოველთვის ვითამაშებ“.
ცნობისთვის, იანისი „ბაქსის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი საშუალოდ 28.0 ქულას, 10.0 მოხსნას და 5.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს. რაც შეეხება „მილუოკის“, ისინი 23 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან.