„კალათბურთისგან მივიღე ყველაფერი, რაც მინდოდა“ - კრის პოლმა კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა კალათბურთელმა კრის პოლმა კარიერა დაასრულა. „კლიპერსში“ წლევანდელი სეზონის სტარტზე მას კლუბის ხელმძღვანელებთან კონფლიქტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტეს, რასაც „ტორონტოში“ ტრეიდი მოჰყვა, თუმცა საკუთარი ადგილი ვერც კანადურ კლუბში იპოვა და ხელმძღვანელებს გულწრფელად განუცხადა, რომ თამაშის სურვილი აღარ ჰქონდა, რის შემდეგაც საბოლოოდ, 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
კრის პოლი
ესეც ასე! 21-წლიანი კარიერის შემდეგ, კალათბურთიდან წასვლა გადავწყვიტე. რთულია იმის თქმა, თუ რას ვგრძნობ ახლა, რადგან პასუხი თავადაც არ მაქვს. ძირითადად ეს სიხარული და მადლიერებაა. ეს რაღაც ნაწილის დასასრულია, თუმცა კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში მუდამ იქნება.
იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან თითქმის ყველაფერი მივიღე, რაც მინდოდა - კარგიც და ცუდიც. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი. ლიდერობა რთულია, მაგრამ რთულია მხოლოდ სუსტებისთვის. ზოგს მოეწონები, ზოგს - არა, მთავარია გულწრფელი იყო.
ცნობისათვის, 21-წლიანი კარიერის მანძილზე კრის პოლი NBA-ს სიმბოლურ ნაკრებში 11-ჯერ მოხვდა და 12-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში. ასისტებისა (12 552) და ჩაჭრების (2728) რაოდენობით პოლი ყველა დროის რეკორდსმენებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო ქულებით (23 058) 36-ე პოზიცია უკავია. საუკეთესო სეზონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2021 წელს ჰქონდა, როდესაც „ფინიქსთან“ ერთად ფინალში გავიდა, ხოლო ოლიმპიური თამაშები აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში 2008 და 2012 წლებში მოიგო.