ბერძენი მეკარე ლივერპულის რადარზე | რა გეგმები აქვთ წითლებს?
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ყურადღების ცენტრში ბერძენი მეკარე მოექცა. ბრიტანული გამოცემა TeamTalk AreaNapoli-ზე დაყრდნობით წერს, რომ „წითლების“ ახალი სამიზნე „ოლიმპიაკოსის“ გოლკიპერი, კონსტანტინოს ცოლაკისია.
„ალისონ ბეკერის კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურება და არსებობს სპეკულაციები, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ენფილდს ამ სეზონის ბოლოს დატოვებს. ალისონი 33 წლისაა და ბოლო წლებში ბევრი ტრავმა მიიღო. საუდის არაბეთში გადასვლა მას მაღალ ჰონორარს მოუტანს, ლივერპული კი მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებს.
გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს ალისონის მემკვიდრედ შეუერთდა, თუმცა, როგორც ჩანს, წითლებს სურთ, მას სოლიდური კონკურენტი მოუყვანონ, რომელთანაც პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს. ცოლაკისს ნაპოლი, არსენალი, იუვენტუსი, რომა, ბაიერნი, ნოტინგემ ფორესტი და გალათასარაიც აკვირდებიან. ლივერპული და არსენალი მას რამდენიმე თვეა თვალს ადევნებენ და ნანახით შთაბეჭდილების ქვეშ არიან,“ — წერს ბრიტანული გამოცემა.
საინტერესოა, რომ მამარდაშვილთან დაკავშირებით „ლივერპულთან“ დაახლოებულმა წყაროებმაც დაწერეს. როგორც ირკვევა, არის შანსი, რომ „წითლებმა“ „მამარდა“ მომდევნო სეზონში გაანათხოვრონ და გუნდში დააბრუნონ მაშინ, როდესაც ჩათვლიან, რომ პირველი მეკარის სტატუსის მისაღებად მზად იქნება. წყარო აღნიშნავს, რომ „ლივერპული“ კვლავ განაგრძობს იმ ფეხბურთელების ძებნას, რომლებსაც ალისონის ჩანაცვლება შეეძლებათ.