პირველი ადგილი და საშინაო ნახევარფინალი - ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასახულ მიზანს მიაღწია და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა, რაც პლეი ოფის ამ ეტაპზე საკუთარ სტადიონზე თამაშის საშუალებას მოგვცემს. ამოცანის შესასრულებლად ბორჯღალოსნებს დღეს, ესპანელების დამარცხება სჭირდებოდათ და საბოლოოდ მეტოქეს 12-ქულიანი სხვაობით, 42:30 აჯობეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას იყო მომენტები, როდესაც „ავჭალის“ სტადიონზე შეკრებილი მაყურებლები ანერვიულდნენ და ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისზე ითქმის, თუმცა საბოლოოდ ქართველმა მორაგბეებმა მდგომარეობა გამოასწორეს და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მასპინძლების რიგებში დუბლი დემურ თაფლაძემ შეასრულა, თითო ლელო კი ვანო კარკაძის, დავით ნინიაშვილის, ბაჩუკი ჭუმბაძისა და ლუკა მატკავას ანგარიშზეა. ექვსი ლელოდან ოთხი - თედო აბჟანდაძემ, ორი კი მატკავამ გარდასახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნახევარფინალს 8 მარტს, ავჭალის სტადიონზე ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე კი დღეს, B ჯგუფში ჩატარებული მესამე ტურის შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა.