დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„ქომაგები ჩვენი შემადგენლობის წევრები არიან“ - ნინიაშვილი ესპანეთზე და ნახევარფინალზე

დავით ნინიაშვილი ხვალ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რიგებში 2026 წელს პირველ შეხვედრას ჩაატარებს. „ავჭალის“ სტადიონზე ბორჯღალოსნების მეტოქე ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც ჩვენს მსგავსად ჯგუფური ეტაპის საწყისი ორივე მატჩი მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადგილოსნის ბედი სწორედ ქართველი და ესპანელი მორაგბეების დაპირისპირებაში გადაწყდება. გამარჯვებას პრესტიჟის გარდა სხვა დატვირთვაც გააჩნია - ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალს შინაურ კედლებში ჩაატარებს, რაც უდიდესი უპირატესობა რომ არის, ამაზე ნინიაშვილმა დღეს ისაუბრა.

დავით ნინიაშვილი

ესპანეთს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა, რომელსაც ხელით და სწრაფი თამაში უყვარდა, თუმცა ჩვენ საამისოდ სრულ მზადყოფნაში ვართ. ნაყოფიერი საწვრთნელი პროცესი გავიარეთ და იმ შეცდომებს, რომელიც საწყის ორ ტურში გვქონდა, ნამდვილად აღარ გავიმეორებთ, რადგან ესპანელებს შვეიცარიელებზე და ნიდერლანდელებზე გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ.

გამარჯვებას და ნახევარფინალის შინაურ კედლებში თამაშს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან გულშემატკივრებიც ჩვენი შემადგენლობის წევრები არიან - მათთან ერთად ვიმარჯვებთ და ვმარცხდებით. ფინალი მადრიდშია და არ დავუშვებთ იმას, რომ ნახევარფინალიც ესპანელებმა საკუთარ სტადიონზე ითამაშონ. უნდა მოვიგოთ და რუმინელებს, ან გერმანელებს ვუმასპინძლოთ.

ცნობისათვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები აქამდე 27-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 23-ჯერ ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ოცდაშვიდ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა 127 ლელო დადეს და 898 ქულა დააგროვეს. საქართველო-ესპანეთის მატჩი ხვალ, ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეროვნულ ნაკრებს ნინიაშვილი დაემატა  | სიახლეები ბორჯღალოსნებში
ეროვნულ ნაკრებს ნინიაშვილი დაემატა | სიახლეები ბორჯღალოსნებში