ცოლის მკვლელმა კარიერა განაახლა - საფეხბურთო ბრაზილია შოკშია
41 წლის ბრუნო ფერნანდეშ სოუზა, რომელიც 2010 წელს მეუღლის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, აქტიურ სპორტს უბრუნდება. ვეტერან მეკარესთან კონტრაქტი ბრაზილიის მეოთხე ლიგაში მოთამაშე გუნდმა „ვასკომ“ (ვასკო და გამაში არ აგერიოთ) გააფორმა და ოფიციალურად დაარეგისტრირა, რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ქალთა უფლებების დამცველმა ყველა ორგანიზაციამ გულშემატკივრებს მოუწოდა ამ კლუბის თამაშებზე პროტესტის ნიშნად არ იარონ, ხოლო საფეხბურთო კონფედერაციისგან „ვასკოს“ ტურნირიდან მოხსნას ითხოვენ.
როგორი იყო სოუზას ისტორია? 2010 წელს, როდესაც კარიერის პიკზე იმყოფებოდა და ბევრი მას „ფლამენგოდან“ „მილანში“ გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდა, ისეთი საშინელება ჩაიდინა, რომ მთელი მსოფლიო შეძრა. 16 წლის წინ, მისი მეგობარი გოგონა, პროფესიით მოდელი, 25 წლის ელიზა სამუდიო, რომელსაც ბრუნოსგან შვილი ჰყავდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი გვამი მოგვიანებით სოუზას სახლის ეზოში იპოვეს და როგორც გამოძიებამ დაადგინა, ელიზა ჯერ აწამეს, შემდეგ კი დაახრჩვეს. ყოველივე ამის შემდეგ, ბრუნომ მისი ცხედარი დაანაწევრა და ძაღლებს მიუგდო, რათა ყველანაირი სამხილები დაემალა.
რა იყო მკვლელობის მთავარი მოტივი? როგორც სასამართლო პროცესის დროს, დამნაშავე ფეხბურთელმა განაცხადა, მას შეეშინდა, რომ უკანონო შვილის აღიარება და ალიმენტის გადახდა მის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებდა და ევროპაში კარიერის გაგრძელებაში ხელს შეუშლიდა. საბოლოოდ ფერნანდეშ სოუზას ბრალი 2013 წელს დაუმტკიცდა და მას 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა რატომღაც შვიდი წლის შემდეგ გამოუშვეს და ახლა როგორც ხედავთ, ისევ ფეხბურთის თამაშს აპირებს.