ოლიმპიური კომიტეტი ინფანტინოს წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შიდა გამოძიების დაწყებას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.
IOC-ის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის განცხადებით, ორგანიზაცია შეისწავლის, დაარღვია თუ არა კომიტეტის წევრმა, ჯანი ინფანტინომ ქარტიის წესები, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებული „მშვიდობის საბჭოს“ ყრილობას დაესწრო.
„არ ვიცოდი, რომ ამ შეხვედრაზე IOC-ის წევრი გვყავდა. ახლა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა ამის შესახებ მითხრეს, ამ საკითხს შევისწავლით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიაში ნათლად და გასაგებად არის აღწერილი მისი წევრების ვალდებულებები. ჩემი აზრით, კომიტეტი პოლიტიკურად ნეიტრალურად უნდა დარჩეს. მხოლოდ ასე შეგვიძლია მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა კირსტი ქოვენთრიმ.
კერძოდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიაში აღნიშნულია, რომ მისმა წევრებმა უნდა იმოქმედონ „დამოუკიდებლად ნებისმიერი პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესებისგან და არ მიიღონ მთავრობებისა თუ ორგანიზაციებისგან რაიმე სახის ინსტრუქციები“.
როგორც New York Times-ი წერს, ფიფას პრეზიდენტი ვაშინგტონში, პოლიტიკოსების გვერდით გამოჩნდა და თავზე ეხურა კეპი წარწერებით USA და 45-47 [ტრამპის რიგითობა აშშ-ის პრეზიდენტთა სიაში].
გარდა ამისა, ინფანტინომ განაცხადა, რომ ფიფამ და „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიული პარტნიორული შეთანხმება გააფორმეს, რომელიც პირველ რიგში ღაზის სექტორის აღმშენებლობას ეხება.