ინფანტინო რუსეთის დაბრუნების მომხრეა | მას უკრაინელებმა კრიტიკით უპასუხეს
FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მომხრეა, რუსეთს აკრძალვა მოუხსნან და რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ევროტურნირებზე დააბრუნონ. ამის შესახებ ინფანტინომ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აკრძალვას არანაირი შედეგი არ ჰქონია.
„ამ აკრძალვას არაფრისთვის მიუღწევია და უფრო მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი წარმოშვა. რუსი ბიჭებისა და გოგონების დაბრუნება და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მათთვის თამაშის უფლების მიცემა დაგვეხმარება. პოლიტიკური ლიდერების ქმედებების გამო არც ერთ ქვეყანას არ უნდა ავუკრძალოთ ფეხბურთის თამაში“.
ინფანტინოს სიტყვებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა გამოეხმაურა: „679 უკრაინელი ბავშვი ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს, რადგან ისინი რუსებმა დახოცეს. რუსეთი ადამიანების ხოცვას განაგრძობს და მორალურად გადაგვარებული ადამიანები ამბობენ, რომ აკრძალვა უნდა მოვუხსნათ. მომავალი თაობა ამას ისეთ სირცხვილად აღიქვამს, როგორიც 1936 წლის ოლიმპიადა იყო“.
FIFA-ს პრეზიდენტს უკრაინის სპორტის მინისტრმა მატვეი ბიდნიმაც უპასუხა: „მისი განცხადება უპასუხისმგებლო და ბავშვურია. ისინი ცდილობენ, ფეხბურთი განაცალკეონ რეალობისგან, რომელშიც რუსეთი ბავშვებს ხოცავს. მანამ, სანამ რუსები უკრაინელების ხოცვას გააგრძელებენ, მათი დროშასა და სიმბოლოებს არ აქვთ ადგილი იქ, სადაც სამართლიანობასა და ღირსებას სცემენ პატივს“.
სხვათა შორის, ინფანტინომ მშვიდობის ჯილდოზეც ისაუბრა, რომელიც FIFA-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი.