Daily Mail: ბარსელონა მუნდიალის შემდეგ კეინის შეძენას უმიზნებს
Daily Mail-ის მტკიცებით, „ბარსელონას“ ინგლისის ნაკრების ფორვარდის, ჰარი კეინის „ბაიერნისგან“ შეძენა სურს და ინტერესის გამოსახატად ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.
32 წლის თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენელებთან კიდევ ერთ სეზონზეა გათვლილი. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ მხარეები ამ საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ინგლისელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას დაასრულებენ.
აღინიშნება, რომ თავად კეინი „ბაიერნში“ არსებული სიტუაციით კმაყოფილია, გერმანული კლუბი კი მის შენარჩუნებას შეეცდება. ფეხბურთელის წარმომადგენლები ამ ეტაპზე „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავენ.
მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები, რომლებიც რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებენ, ყველა ღონეს იხმარენ, თუ გარიგების დადების მცირე შანსი მაინც გაჩნდება.
Transfermarkt კეინის სატრანსფერო ღირებულებას 60 მილიონ ევროდ აფასებს. ინგლისელის გამოსყიდვაც დაახლოებით ამ თანხად არის შესაძლებელი. კონტრაქტის ვადისა და ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე, ინგლისელის ტრანსფერი გაცილებით მარტივი ოპერაცია იქნება, ვიდრე ამჟამად ხულიან ალვარესია.
ცნობისთვის, ალვარესის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. მადრიდის „ატლეტიკო” ფეხბურთელის სურვილის გათვალისწინებას არ აპირებს.