„ჩემი გუნდისგან არაფერი მიკვირს“ - ლუის ენრიკე გამარჯვების შემდეგ
უეფას სუპერ თასზე „ასტონ ვილას“ დამარცხებისა და ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ლუის ენრიკემ განვლილ შეხვედრასა და თავის გუნდზე ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი.
„ჩემი გუნდისგან არაფერი მიკვირს, რადგან ფეხბურთელებს იდეალურად ვიცნობ. გასული წლის უეფას სუპერთასის მსგავსად, ესეც რთული იყო. შარშანდელთან შედარებით ნაკლებად გაგვიჭირდა, თამაშსაც უკეთ ვაკონტროლებდით, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რაც გუნდმა გააკეთა: მაქსიმუმ 10-დღიანი მოსამზადებელი პერიოდით ამის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის.
ამას მუდმივად ვამბობ - მოთამაშეების მოტივირება ადვილია, რადგან მათ უყვართ ფეხბურთის თამაში, ვარჯიში და ტიტულების მოგება. გულშემატკივრებთან ერთად კი ეს იდეალური სიტუაციაა. მესამე ვარსკვლავი? ვფიქრობ, ზედიზედ ორჯერ მოგება იმდენად რთულია, რომ ასეთი მომენტებით უნდა დატკბე, მაგრამ ამავდროულად უნდა იყო ამბიციური, პროფესიონალი და მოიგო ყველაფერი - სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.
გულშემატკივრები და მათი მხარდაჭერა ბრწყინვალეა. დიდი სიამოვნებაა იმის ცოდნა, რომ ისინი გუნდის დასახმარებლად აქ არიან და ბედნიერები ვართ, რომ ამ განცდას ვინარჩუნებთ".
აქვე გეტყვით, რომ პსჟ 16 აგვისტოს კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდება. პარიზელები საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში „ლანსს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:45-ზე დაიწყება.