ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება

ხვიჩა კვარაცხელიამ 2026-2027 წლების სეზონი ბრწყინვალე მატჩით დაიწყო. ევროპის სუპერთასის შეხვედრაში „პსჟ“-ის ქართველმა ლიდერმა და მისმა თანაგუნდელებმა „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხეს, ბირმინგემელთა კარში კი პირველი ბურთი ბრწყინვალე დარტყმით ხვიჩამ გაიტანა. ბუნებრივია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარას ასპარეზობა წამყვანი გამოცემების უმეტესობამ უმაღლეს დონეზე შეაფასა.

პრესის გამოხმაურება

ParisFans: ათბალიანი სისტემით კვარაცხელიას თამაშს შვიდ ბალს დავუწერდით. პირველ ტაიმში უბრალოდ შესანიშნავი იყო - დაცვის ტრადიციული დახმარება, დრიბლინგი, კარგი გადაცემები და არაჩვეულებრივი გოლი. მეორე ნახევარში ისეთივე შესამჩნევი აღარ გახლდათ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ახალი სეზონის დაწყებას ოპტიმალურ კონდიციაში შეხვდა.

Sofoot.com: კვარა ისევ იმ პლანეტაზეა, რომელზეც წინა სეზონში იმყოფებოდა და ჩვენს მონუსხვას განაგრძობს. გოლიც ზუსტად ისეთივე გაიტანა, როგორიც მისი დონის ფეხბურთელს შეეფერება. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ახალ გამოწვევებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.

Footmercato.fr: ერთთვიანი არდადეგების შემდეგ, კლუბთან ერთად ვარჯიში 15 დღის წინ განაახლა და სეზონს არაჩვეულებრივ ფორმაში შეხვდა. მე-20 წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ანგარიში გახსნა და მატჩის ხასიათი მთლიანად შეცვალა. იყო მონაკვეთები, როდესაც იკარგებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მარცხენა ფლანგზე ბირმინგემელებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა.

Le Parisien: ხვიჩას უყვარს ოთხშაბათი დღე და ევროპული საღამოები, რაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. გოლის მომენტში მისი მხრიდან იგრძნობოდა, როგორც საოცარი ტექნიკა, ასევე დარტყმის ოსტატობა, რითაც საკუთარი რეპუტაცია მისთვის ამ ბრწყინვალე სეზონში კიდევ ერთხელ გაიმყარა და დაადასტურა, რომ დიდ დაფასებას იმსახურებს.

Made in Parisiens: სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო იყო. შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა, დომინირებდა მარცხენა ფლანგზე და გოლი ძლიერი დარტყმით საფირმო სტილში გაიტანა. მართალია, მატჩის მსვლელობისას დაიღალა და რაც დრო გადიოდა, უფრო ნაკლებად აქტიური იყო, მაგრამ საერთო ჯამში ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებს. მისი თამაში დაცვაში ხომ ყველასთვის სამაგალითო გახლდათ.

MaxiFoot: პირველ ტაიმში საოცარი გოლით თამაში გამოაცოცხლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მეორე ნახევარში შედარებით ინერტული იყო და 88-ე წუთზე ბერალდოთი შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი მიეცემათ - 16 აგვისტოს, „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია: წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოსთან შეთანხმებას მიაღწია
ესპანური მედია: წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოსთან შეთანხმებას მიაღწია