იბერია 1999
Aa
Aa

„განადგურებული ვარ. ასე არ უნდა წაგვეგო“ - ლარნეს მწვრთნელი იბერიასთან მარცხზე

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩრდ. ირლანდიურ „ლარნეს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამშიც იდენტური ანგარიშით გაიმარჯვა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ლარნეს“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰავერონმა „იბერიასთან“ მარცხი შეაფასა.

რას თქვა ჰავერონმა:

„გასახდელში ჩემი ბიჭების ნახვის შემდეგ, სრულიად განადგურებული ვარ. ძალისხმევა, რაც მათ ამ თამაშში ჩადეს, მართლაც უზარმაზარი იყო. ძალიან ვამაყობ მათით. ემოციებით ვართ სავსე. უბრალოდ, უნდა ვიამაყოთ.

ძალიან არ გაგვიმართლა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ძალიან კარგად ვიცავდით თავს, კარგ ფორმაში ვიყავით. გატანილი გოლების გარდა, მათ ძალიან ცოტა შანსი ჰქონდათ. ბევრი დარტყმა არ ყოფილა, რაზეც როუზს სერიოზული რეაგირება მოუწევდა. ამიტომ ასეთი წაგება, თანაც მას შემდეგ, რაც პენალტებამდე საკმაოდ ახოს ვიყავით, საშინლად მტკივნეულია.

ევროტურნირებზე - ჩემპიონთა ლიგაზე თუ ევროპა ლიგაზე თამაშისას ყოველთვის ელოდები, რომ წილისყრა ისეთ მეტოქეს გარგუნებს, რომელთანაც კონკურენტუნარიანი იქნები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს ცდები და მესამეში გადადიხარ, სუსტი გუნდები უკვე გავარდნილები არიან და ყველა მეტოქე უმაღლესი დონისაა. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპაში ჩვენი დონე კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ იმით, რომ ჩამოვედით და მართლაც კარგ ქართულ გუნდს ბოლომდე, თანაბრად ვებრძოლეთ.

თამაშის ბოლოს უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. ასეთ დროს ყოველთვის ფიქრობ: ხომ არ უნდა გაგერისკა ცოტა ადრე? რაიმეს შეცვლა ხომ არ სჯობდა? ხომ არ შეგვეძლო გოლის გატანა? მაგრამ როგორც კი იხსნები და სივრცეებს ტოვებ, მეტოქეს შენი გამოჭერა სწორედ მაშინ შეუძლია. ამიტომ შესაფერისი მომენტი უნდა შეარჩიო. თუმცა, მართლაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭების ძალისხმევით ძალიან ვამაყობ. მათ იმაზე გაცილებით მეტი დაიმსახურეს, ვიდრე მიიღეს. ახლა კი ძალები უნდა აღვიდგინოთ და შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადოთ.

როგორც უკვე ვთქვი, როდესაც ევროპაში ასპარეზობა დავიწყეთ და ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე გავიმარჯვეთ, ამან დამატებითი შანსები მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგები ვართ, გულის სიღრმეში ალბათ მაინც ვგრძნობდი, რომ კონფერენს ლიგის პლეი-ოფი არის ის თამაში, სადაც რეალური შანსი გვაქვს. ახლა სწორედ იქ მივდივართ და ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ იმედგაცრუების შემდეგ ფეხზე დავდგეთ.

მომდევნო მატჩი შიდაჩემპიონატში? ვერანაირად ვერ ვიგებ, რატომ არ ჩაერია ჩვენი ლიგის ხელმძღვანელობა და ეს თამაში არ გადადო. ბიჭებს ახლა 8-საათიანი მგზავრობა ელით, თანაც უმაღლესი დონის მეტოქესთან ნათამაშები 120 წუთის შემდეგ. ლიგა ხომ დიდი სიამოვნებით იზეიმებდა, ევროპული ტურნირების დამატებითი კვოტა რომ მოგვეპოვებინა. მაგრამ ახლა უკან უნდა დავბრუნდეთ, შაბათს უნდა ვითამაშოთ, შემდეგ ძალები აღვიდგინოთ და მომდევნო კვირაში ისევ ვითამაშოთ. თანაც, გასვლითი მატჩი გველის ან გიბრალტარში, ან კვიპროსზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენი მეტოქის ორივე თამაში გადადო. ისინი ჩაერივნენ და ჩვენს წინააღმდეგ მატჩებს შორის ჩანიშნული მათი შეხვედრები გააუქმეს. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რათა მათთვის საუკეთესო პირობები შეექმნათ და თამაშებისთვის დასვენებულები ყოფილიყვნენ. ჩვენც მხოლოდ ამას ვითხოვთ - მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი და შანსი მივიღოთ არა მხოლოდ ჩვენთვის კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, არამედ ჩვენი ლიგისთვის ოთხი ადგილის გასანაღდებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენს ლიგას ქაოსში აგდებს.

თუმცა, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ამაზე სხვებმა უნდა იმსჯელონ. უბრალოდ ვგრძნობ, რომ იმ მხარდაჭერას არ ვიღებთ, რომელსაც ალბათ ვიმსახურებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფში „იბერია 1999“-ის მეტოქე „რეინჯერსსა“ და „იაგელონიას“ შორის გამარჯვებული იქნება. ამ წყვილში გამარჯვების შემთხვევაში თბილისური კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, მარცხის შემთხვევაში კი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩასაფრებულებს კლავიატურა გაუფუჭდათ | ჯინჯოლავა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
ჩასაფრებულებს კლავიატურა გაუფუჭდათ | ჯინჯოლავა ისტორიული გამარჯვების შემდეგ