„სრული სიგიჟეა“ | კორმიემ აბდელაზიზი ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დენიელ კორმიე ალი აბდელაზიზის განცხადებებს გამოეხმაურა. ცნობილმა პრომოუტერმა უსმან ნურმაგომედოვზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი კლიენტი UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლთა უმრავლესობას უშანსოდ დაამარცხებს. მათ შორის ილია თოფურიას, პედი პიმბლეტსა და ჩარლზ ოლივეირასაც. უფრო მეტიც, აბდელაზიზის თქმით, „ელ მატადორთან“ ჩხუბი უსმანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ორთაბრძოლაა.
„მესმის, რომ შენს ბიჭზე ლაპარაკობ და პრომოუტერი ხარ, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებზე გაქვს აქცენტი. ვფიქრობ, უსმან ნურმაგომედოვი განსაკუთრებული მებრძოლია. თუ UFC-ში გადმოვა, ტიტულის პრეტენდენტებს შორის იქნება. მისი ვარჯიშები მინახავს, მასთან მიმუშავია და ვიცი, რომ საჩემპიონო გამოცდილება აქვს.
უსმანზე ვზრუნავ და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, თუმცა გამოსვლა და ასეთი რადიკალური განცხადებების გაკეთება ასეთ მებრძოლებზე... ვიცი, მაქს ჰოლოუეი ვინაა. ვიცი, ილია თოფურია ვინაა. ვიცი, პედი პიმბლეტი ვინაა. ვიცი, ჩარლზ ოლივეირა ვინაა. მათ, როგორც მებრძოლებს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რას წარმოადგენენ. იმის ფიქრი, რომ მათ ვინმე დომინანტურად მოუგებს და კლასში ძალიან აჯობებს, სრული სიგიჟეა... და ამას ალის პირშიც ვეტყვი“.
ცნობისთვის, უსმანი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და კარიერაში გამართული 23 ბრძოლიდან 22 მოიგო, ერთის შედეგი კი მას შემდეგ გაუქმდა, რაც სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. აბდელაზიზის მიხედვით, ნურმაგომედოვს „ელ მატადორის“ დასაფინიშებლად სამი რაუნდი ეყოფა.