ბორჟესმა დაადასტურა | ქოჩორაშვილი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს
„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მომდევნო შეხვედრას „მორეირენსეს“ წინააღმდეგ გამოტოვებს.
„შეიძლება ჟოაო სიმოეში ძირითადში ისევ გამოჩნდეს? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ნახევარმცველებიდან საუკეთესო ფორმაში ვინ იქნება. დანი ბრაგანცა პროგრესირებს, გიორგი ქოჩორაშვილი კი ისევ ვერ თამაშობს. სამი ნახევარმცველია, ვისაც თამაში შეუძლია, და არჩევანს საუკეთესოზე შევაჩერებთ.“
პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, ქოჩორაშვილს ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება. A Bola-ს მიხედვით, 26 წლის ნახევარმცველმა გუშინდელი ვარჯიშიც გამოტოვა და მკურნალობის პროცესს განაგრძობს.
მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 14-ჯერ ითამაშა, პორტუგალიის თასზე 3-ჯერ იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგაზე – 2-ჯერ. მის ანგარიშზე ორი შედეგიანი გადაცემაა. საერთო ჯამში მან ყველა ტურნირზე ერთად მოედანზე 862 წუთი გაატარა.