ლებრონის მაისური და სხვა ნივთები - მაიამის თანამშრომელი ქურდობისთვის დააკავეს
საკალათბურთო კლუბ „მაიამის“ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 62 წლის ბრალდებულ მარკოს ტომას პერესს „ჰიტში“ მუშაობის პერიოდში ასობით სათამაშო მაისურის და სხვა ძვირფასი საკლუბო ატრიბუტიკის მოპარვისთვის 1,9 მილიონი დოლარის გადახდაც დაეკისრა.
ტომას პერესი აგვისტოში დააკავეს, მისი სასამართლო პროცესი კი ახლახანს დასრულდა, რის შედეგადაც ყველაფერი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა. მარკოსს მაიამის პოლიციაში მუშაობის 25-წლიანი სტაჟი ჰქონდა. 2016 წელს „მაიამის“ უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო მუშაობა, ხოლო 2025 წელს იქაურობა დატოვა და მიზეზად გადაღლილობის გამო პენსიაში გასვლა გამოაცხადა. როგორც თავად აღიარა, უსაფრთხოების საცავიდან საერთო ჯამში 400-ზე მეტი მაისური და სხვა ნივთები აქვს გატანილი, რომელთაც სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმის საშუალებით ყიდდა.
მარკოსი „ჰიტის“ იმ იშვიათ თანამშრომელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც დაცული ინვენტარიზაციის ოთახზე წვდომა ჰქონდათ, სადაც ის ნივთები ინახებოდა, რომლებიც სამომავლოდ „მაიამის“ საკლუბო მუზეუმში უნდა გადაეტანათ. ირკვევა, რომ ბრალდებულმა სულ ამ საქმეზე ქურდობით 1,9 მილიონი დოლარი იშოვა, რომლის დაბრუნებაც ახლა უკან მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს დაუმატებენ. ამ თანხაში შედის ლებრონ ჯეიმსის მაისური, რომელიც მას „მაიამიში“ ასპარეზობისას NBA-ს ფინალში ეცვა. მაისური დაკარგულად ითვლებოდა და როდესაც იპოვეს, სოტბის აუქციონზე 3,7 მილიონად გაიყიდა, მარკოს ტომასს კი თავის დროზე 100 ათას დოლარად ჰქონდა გაყიდული.