„მაიმუნი არა, სხვა რამ ვუწოდე“ - პრესტიანიმ ჩვენება მისცა
„ბენფიკა“ – „რეალის“ (0:1) მატჩის დასრულებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ლისაბონში გამართული შეხვედრის დროს იმდენად რეზონანსული ამბავი მოხდა, რომ მასზე საუბრები ახლაც არ წყდება. საქმე ეხება ვინისიუსთან დაკავშირებულ სკანდალურ ეპიზოდს, რომელიც აცხადებს, რომ „არწივების“ არგენტინელმა ლეგიონერმა ჯანლუკა პრესტიანიმ მას მაიმუნი უწოდა, რასაც პირდაპირ რასისტულ ნიადაგზე მიყენებულ შეურაცხყოფად აღიქვამს.
მსგავსი სიტუაციის დროს, უეფას სადისციპლინო კომიტეტის წევრები პირის მოძრაობის მიხედვით ნებისმიერი ფეხბურთელის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შიფრავენ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება, რადგან საუბრის დროს პრესტიანის მაისური ჰქონდა პირზე აფარებული. ჯანლუკა გუშინ ნიონში მდებარე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, სადაც სპეციალურ კომისიას ჩვენებას მისცა და შეკითხვაზე, მართლაც უწოდა თუ არა ვინისიუსს მაიმუნი, ასეთი პასუხი გასცა: „არა, მე მისთვის მაიმუნი არ მიწოდებია, მე მას გეი ვუწოდე“.
შეგახსენებთ, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით კომენტარი ძალიან ბევრმა ყოფილმა და ახლანდელმა ფეხბურთელმა გააკეთა. აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი აზრი აქვს, რომ პრესტიანი უმკაცრესად დაისაჯოს, თუმცა ასევე ჩნდება ეჭვები, რომ ვინისიუსი პროვიცირებას თავად ახდენს, რადგან ასეთ სკანდალებში გამუდმებით ის ეხვევა.