ფანტასტიკურად ითამაშა | უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
ჩემპიონშიფის 33-ე ტურში უოტფორდმა შინ დერბი ქაუნთი 2:0 დაამარცხა. უოტფორდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 3 ქულა მოიპოვა, 48 ქულით მე-9 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
საბა გოგლიჩიძემ სასტარტო 11-დან დაიწყო. საბამ მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, ეს პოზიცია მისთვის ნაკლებად კომფორტულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან უოტფორდში მესამე მატჩი ჩაატარა და გუნდმა კარი მშრალად პირველად დღეს შეინახა. საბა 86-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედვარდ სტილმა შეაქო.
„ის, თუ როგორ გაუმკლავდნენ დღეს ჯეიმს აბანკვა და საბა გოგლიჩიძე მეტოქის თავდამსხმელს [პატრიკ აგიემანგს], უბრალოდ ფანტასტიკური იყო. აგიემანგი ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, მათ კი საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვეს.
დაცვაში უზარმაზარი სამუშაო შევასრულეთ და კარგია, რომ მოსამზადებლად ოთხდღიანი წვრთნა გვქონდა. ეს კოლექტიური შრომისა და ვარჯიშის შედეგია, თუმცა ეს ყველაფერი ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ აქ მათ დასახმარებლად და გამოსავლის საპოვნელად ვართ, მოედანზე კი ყველაფერს თავად აკეთებენ.
ის, თუ როგორ გააკონტროლეს აბანკვამ და გოგლიჩიძემ მეტოქის შეტევა, საოცარი იყო.
ასეთ დროს, როცა შეგიძლია შემობრუნდე, სათადარიგო სკამზე მართლაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა დაინახო და იფიქრო, ვინ ჩართო თამაშში, ეს ნამდვილი ფუფუნებაა.“
მომდევნო ტურში, 24 თებერვალს უოტფორდი იფსვიჩს მიიღებს.