„ალბათ საცვლის გამოცვლა დასჭირდა“ | თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
ილია თოფურიამ eldoberdanMMA-ს ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემასთან ერთად არმან ცარუკიანზეც ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ ცარუკიანს ინტელექტის ნაკლებობა აქვს და UFC-ის დამოკიდებულებას ვერ აფასებს.
„არმანი კარგი მებრძოლია. მას ჰქონდა შანსი, საჩემპიონო ქამარი დაესაკუთრებინა, მაგრამ ჩხუბზე უარი განაცხადა და ორთაბრძოლას ჩაეხსნა (ისლამ მახაჩევთან ტრავმის გამო ვერ იჩხუბა). ყველა მებრძოლს გვაწუხებს ზურგის ტკივილი, ხელის ტკივილი, ფეხის ტკივილი — ყველაფერი გვტკივა, მაგრამ ოქტაგონში მაინც შევდივართ.
ცარუკიანი ასე რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო მოიქცა და, ალბათ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საცვლის გამოცვლაც დასჭირდა. როგორც პრომოუტერმა, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან რთულია, როდესაც მებრძოლში ამხელა ინვესტიციას დებ, ასეთი ღონისძიების მთავარ მოვლენას აძლევ და ის ჩხუბს ეხსნება.
ძალიან რთულია ამ ყველაფრის შემდეგ მის მიმართ ნდობა ისევ გქონდეს. ახლახან ცარუკიანს ორთაბრძოლა ჰქონდა და მის დაწყებამდე მეტოქეს თავი ჩაარტყა. ის ინტელექტით არ გამოირჩევა და ვერ აფასებს პოზიტიურ დამოკიდებულებას, რომელიც UFC-ს მის მიმართ აქვს. მას არ ესმის, რომ ორგანიზაცია მასში ინვესტიციას დებს და იყო შანსი, თავის ჩარტყმის გამო მის მეტოქეს ჭრილობა მიეღო და ორთაბრძოლა ჩაშლილიყო. UFC-ის ხელმძღვანელები მაგიდასთან დასხდნენ და თქვეს: „არმანი ჯანდაბაშიც წასულა“. ჰოდა, არმან, ჯანდაბაშიც წასულხარ“.
ცნობისთვის, ცარუკიანმა ბოლო ჩხუბში დენ ჰუკერი დაამარცხა და „ჰენგმენი“ მეორე რაუნდში დააფინიშა. გამარჯვების მიუხედავად, მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის არმანი ვერ იბრძოლებს და მის ნაცვლად ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ.