„ისლამისთვის მასთან ბრძოლა რისკია“ - მასვიდალი მახაჩევის მომდევნო მეტოქეზე
რამდენიმე კვირის წინ UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ რამადანამდე სურს ტიტული ერთხელ დაიცვას, თუმცა ჯერჯერობით მისი მომდევნო ბრძოლის არც თარიღი და არც მეტოქე არ არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები უამრავ ვერსიაზე საუბრობენ, ხოლო თავად ისლამმა სურვილი გამოთქვა ძალები კამარუ უსმანთან მოსინჯოს. ბევრი თვლის, რომ სოლიდურ სპორტულ ასაკში მყოფ 38 წლის კამარუსთან დაღესტნელს იოლი გასეირნება ექნება, თუმცა სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს ხორხე მასვიდალს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„კამარუ უსმანი ეს არის მებრძოლი, რომელსაც შეუძლია ისლამ მახაჩევს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან ჭიდაობა მისი ძლიერი მხარეა. უსმანი გრეპლინგის თვალსაზრისით ნებისმიერისთვის ურთულესი ოპონენტი იქნება. მერწმუნეთ, ამჟამად ქვესაშუალო წონაში ის მახაჩევისთვის ყველაზე რთული მეტოქეა. ჯეკ დელა მადალენა დგომში ძლიერია და საჭიროების შემთხვევაში თეიქდაუნების მოგერიებაც შეუძლია, მაგრამ თავდაცვითი უნარებით ის უსმანთან ახლოსაც ვერ მივა. სწორედ ამიტომ, არა მგონია, მახაჩევს კამარუსთან დაპირისპირება სურდეს, რადგან ეს მისი წაუგებელი სერიისთვის დიდი რისკია“.
ცნობისათვის, კამარუ უსმანმა ბოლო ბრძოლა 14 ივნისს ხოაკინ ბაკლისთან გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ მოგებით კამარუმ 3-ბრძოლიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, რადგან მანამდე ორჯერ ლეონ ედვარდსმა, ერთხელ კი ხამზატ ჩიმაევმა აჯობა.