რამაზ სვანაძე, ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

სომხეთის ნაკრებს უარი ვუთხარი | რატომ აირჩია იეგოიანმა საქართველო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „ექსელსიორის’’ ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანი კარგ ფორმაშია. ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, თითქმის ყოველთვის 90 წუთი თამაშობს, 13 მატჩში 4 საგოლე მოქმედება დააგროვა (2 გოლი და 2 საგოლე პასი). გასულ ტურში, შაბათ საღამოს მისი გოლით „ექსელსიორმა’’ კონკურენტი „ზვოლე’’ დაამარცხა, ირაკლი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ტურის სიმბოლურ გუნდში მეორედ მოხვდა. წელი შესანიშნავი განწყობით დაასრულა და ინტერვიუსთვის საუკეთესო მომენტი იყო.

CrystalSport-თან ინტერვიუში ირაკლიმ აღნიშნა, რომ სომხეთის ნაკრები იწვევდა, თუმცა მისი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ასევე, მან ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა, ფსიქოლოგის როლსა და რამაზ სვანაძესთან მუშაობაზე.

ერედივიზიეში პირველ სეზონს ატარებ, „ექსელსიორის’’ მთავარი მწვრთნელი რუბენ დენ უილი დიდ ნდობას გიცხადებს, თითქმის ყოველთვის 90 წუთი გათამაშებს. როგორი დამოკიდებულება გამოავლინა შენდამი, როცა ზაფხულში შენი დამატების სურვილი გამოხატა და ახლა როგორი კომუნიკაცია გაქვთ უშუალოდ სამუშაო პროცესში?

- მან დიდი ნდობა გამომიცხადა... როგორ ვთქვა... თავიდანვე, როცა პირველად გამომიძახა, როცა პირველად დამირეკა. ასევე, როცა მე და ჩემი აგენტი ედვინ დე კრუიფი კლუბს ვესაუბრეთ, დიდი ნდობა და კარგი განწყობა ვიგრძენი. პირველივე დღიდან ჩემთან მაღალი ინტენსივობით მუშაობს.ვარჯიშებზე სულ გვერდით მიდგას, სულ ცდილობს მითხრას, რისი გაკეთება შემიძლია უკეთ. ერთადაც ვუყურებთ ვიდეოჩანაწერებს. მასთან მუშაობა პირველივე დღიდან სასიამოვნოა, როცა გრძნობ რომ მწვრთნელს სურს უკეთესი გახდე. თანაც ვთამაშობ, რაც ასევე კარგი შეგრძნებაა, რადგან ხვდები, რომ მწვრთნელი გენდობა. დიდ ნდობას მიცხადებს, ჩემი საქმე კი ისაა, რომ ეს ნდობა კარგ ქმედებებში გადავზარდო, რადგან გუნდს ბევრი ქულის მოპოვებაში უნდა დავეხმარო.

აიაქსთან“ სტუმრად სენსაციურად მოიგეთ და ამ მატჩის შემდეგ ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში პირველად მოხვდი. შენი კარიერის გამორჩეული მომენტი იყო.

- კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა. ლიგის გიგანტთან, „აიაქსთან’’ სტუმრად ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფალი განწყობით ვითამაშეთ. ინდივიდუალურადაც კარგი მატჩი მქონდა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ შეხვედრას იგებ. ამ თამაშის შემდეგ ტურის სიმბოლურ გუნდში მოვხვდი. ასე რომ, გარდა სამი ქულისა, რაც ლიგაში დარჩენისთვის ძალიან გვჭირდებოდა, ეს ჩემთვის სასიამოვნო ბონუსი იყო. კარგად ვითამაშე, გუნდმაც მოიგო და ასეთ დროს სიმბოლურში მოხვედრა მართლაც სასიხარულოა. ეს მცირე დეტალებია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.

კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ, თითქმის ყოველთვის 90 წუთი თამაშობ. შენი ვარჯიშის ვიდეოები ვნახე კენზო ბიონგთან. რამდენად ხშირად ვარჯიშობ მასთან და მისი ვარჯიშები რამდენად გეხმარება ფიზიკურ განვითარებაში?

- ვფიქრობ, ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელიც ბევრს დარბის და „რვიანის“ პოზიციაზე დიდ მანძილს ფარავს. სხეულს ძალიან კარგად უნდა მიხედო და ვცდილობ, ამ კუთხით მაქსიმუმი გავაკეთო.

კენზო ჩემთვის ძმასავითაა. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, შვებულების დროს მასთან ყოველთვის ვვარჯიშობ. როცა ფორმაში ყოფნა მჭირდება, მუდამ მასთან მივდივარ. ძალიან მეხმარება, მამზადებს ახალი სეზონისთვის ან სეზონის მეორე ნახევრისთვის. კარგ მუხტს მაძლევს, რომ მომდევნო ეტაპს ფორმაში შევხვდე. გარდა ამისა, როგორც ვთქვი, ძმასავითაა. თამაშის შემდეგ ყოველთვის ვსაუბრობთ. ჩემს თამაშებს აანალიზებს და მეუბნება, რა უნდა გამოსწორდეს და რა გამომდის უკვე კარგად. მასთან ფაქტობრივად ყოველდღე ვსაუბრობ ფეხბურთზე და ეს საუბრები ძალიან მეხმარება როგორც მოედანზე მომხდარზე, ისე მენტალურ მხარეზე, მოედნის მიღმა. მისი მადლიერი ვარ. მასთან საუბარი ჩემზე კარგად მოქმედებს, რადგან მისი წყალობითაც ვვითარდები. ვფიქრობ, თუ რაღაც შენთვის კარგია, მას ხელი უნდა ჩაჭიდო და არ გაუშვა. ჰოდა, ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ.

 

რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს, მაგალითად ლაშა ოდიშარიას, პირადი ფსიქოლოგი ჰყავს. გაქვს ფსიქოლოგთან მუშაობის გამოცდილება?

- ნიდერლანდებში შენთვის ყველაფერი მოგვარებული და დალაგებულია. ამიტომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ყველა კლუბს საკუთარი ფსიქოლოგი ჰყავს. ახლა „ექსელსიორშიც“ გვყავს. „ტვენტეშიც“ გვყავდა... „ვიტესში“ არ გვყოლია, მაგრამ „ტვენტეს’’ ფსიქოლოგს ვესაუბრებოდი ხოლმე. მასთან კონტაქტი მაშინაც მქონდა, როცა „ვიტესში“ ახალი გადასული ვიყავი, რადგან ადაპტაცია გამიჭირდა, პროფესიულ ფეხბურთში ხომ ჩემი პირველი ნაბიჯები იყო. „ტვენტეს’’ სპორტულ ფსიქოლოგს ვესაუბრე, დამეხმარა მენტალური საკითხის დალაგებაში, გონების დასვენებაში, რომ სწორ რაღაცებზე ვფოკუსირებულიყავი. ეს ძალიან კარგი საქმეა. „ვიტესის’’ ფსიქოლოგი ძალიან დამეხმარა და როგორც უკვე ვთქვი, ყოველდღე ვესაუბრები ჩემს პირად მწვრთნელს, ჩემს ძმას, კენზო ბიონგს. ფაქტობრივად, ყოველდღიური საუბრები გვაქვს. მენტალური კუთხითაც ძალიან სასარგებლოა, როცა ვიღაცას შენს ვარჯიშებსა და მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებზე ელაპარაკები. ფეხბურთელს მართლა ეხმარება განვითარებაში, კონცენტრაციის შენარჩუნებასა და გონების დალაგებაში.

ფსიქოლოგი კონკრეტულად რა პრობლემების დაძლევაში დაგეხმარა?

- როდესაც „ვიტესში“ გადავედი, მინდოდა ყველაფერი უმაღლეს ტემპში გამეკეთებინა. მინდოდა, ვარსკვლავი ვყოფილიყავი, სასტარტო 11-ში მეთამაშა, მაგრამ მე ხომ „ტვენტეს’’ 21-წლამდე გუნდიდან მოვდიოდი. ახალ გუნდელებს შორის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი ფეხბურთელი ვიყავი. მოსამზადებელ ეტაპზე ოთხკვირიანი ვარჯიშის შემდეგ „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხერი ფინქი მოვიდა და მეკითხება: „როგორ ფიქრობ, ახლა ყველაფერი კარგად მიდის?“ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი სასტარტო 11-ში, გუნდში ჯერ არავინ ვიყავი. ვუპასუხე: „ჰო, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად მიდის საქმე“, რადგან ვარჯიშებზე ზოგიერთი რამ კარგად გამომდიოდა, ხან დრიბლინგს ვაკეთებდი, ხან გოლს ვიტანდი. მან მითხრა: „იცი, მე ვფიქრობ, რომ ახლა საერთოდ არ იქცევი სწორად“. დავიბენი: „მართლა? რატომ?“. მიპასუხა: „გინდა, რომ ყველაფერი შენ გააკეთო, საჯარიმოებსა და კუთხურებს ასრულებ, გინდა ყველა მოატყუო და ვარსკვლავი გახდე, მაგრამ ჯერ ასე არაა. უნდა გააცნობიერო, სად ხარ ახლა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდე“. მისი სიტყვები ჩემთვის ნამდვილი შოკი  იყო, თუმცა ხერი ფინქი მართლაც ძალიან კარგი სპეციალისტია. დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, რომ ეს მითხრა, რადგან მისი სიტყვები ჩემთვის ერთგვარი გამოფხიზლება იყო. ამის შემდეგ, ფსიქოლოგსაც ვესაუბრე, რადგან მივხვდი, რომ ეს ფეხბურთს კი არა, ჩემს აზროვნებას ეხებოდა. მასთან ორი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდი და ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა გონებრივი ზრდის კუთხით, რომ მოედანზე სწორად მოვქცეულიყავი. ამის შემდეგ უფრო მშვიდი გავხდი. ვფიქრობდი: კარგი, ვერ დავიწყე ძირითადში თამაში, პრობლემა არაა. იყავი კონცენტრირებული და ითამაშე ის ფეხბურთი, რასაც მწვრთნელი გთხოვს, შემდეგ კი, თუ შანსი მოგეცემა, გამოიყენე. ამ ამბის შემდეგ მალევე მივიღე შანსი სასტარტო 11-ში და გამოვიყენე. ამის შემდეგ აღარ ამოვვარდნილვარ სასტარტო 11-დან. ვფიქრობ, როგორც უკვე ვთქვი, ზედმეტად ძლიერად მინდოდა ეს ყველაფერი, თანაც ძალიან სწრაფად.

2024-25 წლების სეზონში ირაკლი იეგოიანი „ვიტესის’’ რიგებში ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და  5 საგოლე პასი შეასრულა (14 საგოლე მოქმედება). „ვიტესის’’ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასევე, მისი მაკრატელა გოლი ნიდერლანდების მეორე ლიგის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ეს მისი პირველი სეზონი იყო პროფესიულ დონეზე.


    შენი ერთ-ერთი უპირატესობა ძლიერი და ზუსტი დარტყმაა. ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე ბევრს მუშაობ?

    - მინდა ჩემი თამაშის ყველა ასპექტი განვავითარო. მათ შორის დარტყმებიც, მომატება შემიძლია, უფრო ზუსტად რომ დავარტყა. „ვიტესში’’ რამდენიმე კარგი გოლი გავიტანე, „ექსელსიორშიც“ ბევრს ვურტყამ, მაგრამ ყოველთვის ზუსტად არ მიდის. დარტყმაზე ყოველდღიურად ვმუშაობ, ვარჯიშის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთი თანაგუნდელთან ერთად დარტყმებზე ვმუშაობ. ეს ის კომპონენტია, რომელიც უნდა გავაუმჯობესო, რადგან მგონია, რომ ბევრად მეტი გოლის გატანა შემიძლია, თუნდაც საჯარიმოს გარედან.

    გასულ სეზონში „ვიტესში“ 37 მატჩში 9 გოლი გაიტანე (3 თავით, 3 მარცხენა ფეხით, 3 მარჯვენა ფეხით). მიუხედავად იმისა, რომ მეორე სართულზე თამაში შენი მთავარი პლუსი არაა, 9-დან 3 გოლი თავით გაიტანე. მთავარია პოზიციის სწორად შერჩევა და არა სიმაღლე (ირაკლი სიმაღლეში 1,68 მეტრია) ?

    - ყოველთვის საჯარიმოში ვარ და ეს ჩემი თვისებაა. შემიძლია , პოზიციის შერჩევა დავხვეწეო, საჯარიმოში სწორი ადგილი დავიკავო. ეს არის ის, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია, თუმცა ჩემი კარგი თვისება ისაა, რომ ყოველთვის საჯარიმოში ვარ. ფიზიკურად კარგად მომზადებული ვარ. ამიტომ, დაცვაშიც ვბრუნდები. საჯარიმოდან საჯარიმომდე მოთამაშე ნახევარმცველი ვარ, როცა ვუტევთ, მინდა მეტოქის საჯარიმოშიც ვიყო. უმაღლეს ლიგაში უკეთესი მცველები თამაშობენ, უკეთესი გუნდებია, რომლებიც საჯარიმოს უკეთ იცავენ. აქ გატანა უფრო რთულია. საჯარიმოში პოზიციის სწორად შერჩევა უნდა გავაუმჯობესო. ახლაც იქ ვარ, საჯარიმოში, მაგრამ სად არის სწორი პოზიცია ბურთის მისაღებად? ამ კუთხით განვითარებისთვის ვიდეოჩანაწერებს ვუყურებ და ვფიქრობ ამის დახმარებითაც ბევრად მეტ გოლს გავიტან, რადგან ყოველთვის საჯარიმოში ვარ.

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთა როგორი კომუნიკაცია გაქვს და რამაზს, როგორც მწვრთნელს როგორ დაახასიათებ?

    - მასთან უკვე 2,5 წელია ვმუშაობ და ვფიქრობ გამორჩეული ადამიანია. ვინც არ უნდა მკითხოს მასზე, ყოველთვის კარგს ვამბობ და ყოველთვის ყველას პოზიტიურად განვაწყობ, რადგან მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. ზუსტად იცის, როდის უნდა იყვიროს და თქვას რამე, მაგრამ ისიც იცის, როდის ჯობია გაჩუმდეს. აძლევს ფეხბურთელს საშუალებას, თავად მიხვდეს, როგორ გააკეთოს ესა თუ ის რამ უკეთესად. ის არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშებზე ყვირის ან გიჟურ რაღაცებს აკეთებს. ის არის... როგორ ვთქვა... ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. პირველივე დღიდან, როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე, მისგან სიმშვიდე მოდიოდა. მას, როგორც მწვრთნელს, ბოლომდე შეგიძლია ენდო. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მყოლია. ძალიან კარგად ვმუშაობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მასთან მუშაობის საწყის ორ წელში ბევრს არ ვთამაშობდი, მაგრამ ნაკრებში ყოველთვის მიძახებდა, რადგან ჩემში რაღაცას ხედავდა. მაშინაც კი მენდობოდა, როცა „ტვენტეს“ 21-წლამდე გუნდში ვიყავი და ჩემს თამაშებს ვერც კი უყურებდა. ამის გამო მისი მუდამ მადლიერი ვიქნები, რომ ყოველთვის მიძახებდა, ბევრი რამ მასწავლა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვთამაშობ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც იქნა, ნაკრების სასტარტო 11-ში ვარ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მართლა ძალიან მიყვარს ეს მწვრთნელი, როგორც სპეციალისტიც და როგორც პიროვნებაც. ასეთი მშვიდი და ჭკვიანი მწვრთნელი აქამდე არ შემხვედრია. ძალიან მიხარია, რომ რამაზ სვანაძესთან ვმუშაობ.

    თუ სეზონს ასე გააგრძელებ, როგორც ახლა თამაშობ, გაქვს მოლოდინი რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიგიწვევენ?

    - ჰო, არ ვიცი... ეს ის კითხვა არაა, რომელზეც პასუხი მაქვს. ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა. მოთმინებით ველოდები და ყველაფერს ვაკეთებ, მაქსიმუმს ვდებ, რომ ნაკრებში გამომიძახონ. ვფიქრობ, ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის უდიდესი მიზანია. აღტაცებული ვარ ნაკრებში თამაშის პერსპექტივით. ვცდილობ, ყველა მატჩში კარგად ვითამაშო, მათ შორის იმისთვისაც, რომ მწვრთნელს, ფედერაციას და მთელ საქართველოს ვუჩვენო, რომ მეც იქ უნდა ვიყო. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი. ვიცი რომ ახლოს ვარ, მაგრამ მაინც წინ გრძელი გზაა. საჭიროა სტაბილურად ვაკეთო ის, რასაც ახლა ვაკეთებ და კიდევ უფრო მეტი გოლი გავიტანო. ასე რომ, მოთმინებით ველოდები და როცა ჩემი შანსი მოვა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები.

    მართალია რომ სომხეთის ნაკრებიდან წინადადება გქონდა?

    - დიახ, ასე იყო, მაგრამ უარი ვთქვი, მე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში მსურს.

    პირველი სეზონი ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში - 13 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი (4 საგოლე მოქმედება). 13-დან 11-ში 90 წუთი ითამაშე, მხოლოდ ორჯერ შეგცვალეს. პლუს, „აიაქსთან’’ გამარჯვება ამსტერდამში და ამ მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდი. „ზვოლესთან’’ გამარჯვების გოლი გაიტანე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდი და სიმბოლურ გუნდში მეორედ შეგიყვანეს. შენი პროგრესიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ მზად ხარ ეროვნული ნაკრებისთვის?

    - დიახ, ვფიქრობ მზად ვარ, რადგან ის ჩემპიონატი, სადაც ახლა ვთამაშობ, საკმაოდ მაღალი ინტენსივობისაა. თამაშები ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიცაა პსვ, „აიაქსი“, „ტვენტე“ და სხვები, ძალიან დაძაბულია. როცა ბურთს იღებ, ფიქრისთვის დრო საერთოდ არ გაქვს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე საქმეს თავს კარგად ვართმევ, კარგად ვვითარდები და როგორც აღნიშნეთ, თითქმის ყოველთვის 90 წუთი ვთამაშობ. ამ დროს არანაირი სირთულე ან პრობლემა არ მექმნება, ინტენსივობა მაღალია, მაგრამ ამ ტემპს თავისუფლად ვყვები. ეს ჩემთვის იმის დასტურიცაა, რომ რანგით მეორე ლიგიდან უმაღლესში, ერედივიზიეში გადასვლისთვის დრო სწორად შევარჩიე, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი მხოლოდ შენს სურვილზე არაა დამოკიდებული. მაშინაც კი, თუ ფიქრობ რომ მზად ხარ, უნდა დაელოდო მათ გადაწყვეტილებას, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი და ვისაც ბოლო სიტყვა ეთქმის. არ ვამბობ რომ ეს მაინცდამაინც ახლა უნდა მოხდეს - მარტში, ივნისში ან აგვისტოში. როცა ეს დრო მოვა, უბედნიერესი ვიქნები. მიმაჩნია რომ მზად ვარ. ჩემი საქმეა, ისე ვივარჯიშო და ვითამაშო, რომ როცა ეს მოხდება, ამ შანსს ფორმაში შევხვდე. ზუსტად ისე, როგორც „ვიტესიდან“ „ექსელსიორში“, უმაღლეს ლიგაში გადასვლისას, მაშინ მზად უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდეც. ახლაც ასეა: თუ გამომიძახებენ, მზად უნდა ვიყო. 

    მშობლების როლი რამდენად დიდია, რომ საქართველოსადმი დიდი სიყვარული გაქვს, ქართულად საუბრობ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში თამაშით ბედნიერი ხარ.

    - საქართველოში დავიბადე და ეს სიამაყე, რომ ქართველი ვარ, ჩემშია, ისევე როგორც ყველა ქართველში. ქართულად ძალიან კარგად ვერ ვსაუბრობ და მთელი ცხოვრება საქართველოში არ გამიტარებია, ამიტომ ზოგჯერ მიჭირს ყველაფრის ცოდნა. ვგულისხმობ ენას, კულტურას და სხვა დეტალებს, თუმცა ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში, რადგან ეს ჩემი სამშობლოა. ეს ის ქვეყანაა, სადაც დავიბადე და რომელიც მიყვარს. რადგან ქართულ ენაზე კარგად ვერ ვსაუბრობ და საქართველოში ხშირად ვერ ჩამოვდივარ, ჩემი სიყვარული სხვაგვარად, საქმით, მოედანზე უნდა ვაჩვენო. სწორედ ამას ვცდილობ, რადგან ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ქართველი ხალხი და ჩემი ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ვფიქრობ ამას შენც ხედავ, საქართველო მიყვარს და ყოველთვის ასე იქნება.

    რატომ გადაწყვიტე სვირინგის გაკეთება, რომელიც საქართველოს უკავშირდება?

    - ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყნის, საქართველოს დროშის სვირინგი, ფეხბურთს უხდება და ამის ქონა სიამოვნებას მანიჭებს.

     

    მახსოვს რწმენას, ლოცვას, ბიბლიის კითხვას დიდ დროს უთმობდი. ახლა როცა დატვირთულ გრაფიკში ხარ, ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში თამაშობ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი ხარ, კვლავ უთმობ დროს ბიბლიას?

    - დიახ, ქრისტიანი ვარ. მიყვარს უფალი იესო. ვცდილობ, ყოველდღე ვიკითხო ბიბლია, ვილოცო ყოველ დილით და ყოველ საღამოს. ვფიქრობ, ეს არ არის ისეთი რამ, რაზეც ფიქრობ: „ოჰ, ახლა ამის გაკეთება მჭირდება’’. ეს უფრო ცხოვრების წესია. ასე ხდება: ვიღვიძებ, თვალებს ვხუჭავ თუ ვახელ, ვცდილობ მაშინვე ვილოცო. როცა გარეთ მარტო ვსეირნობ ჩემს ძაღლთან ერთად, მაშინაც ვლოცულობ. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ იესო ქრისტეს შემწეობით ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ასე რომ, ამაზე ბევრს არც ვფიქრობ ხოლმე, რადგან ეს ჩემშია და მუდამ ჩემთან დარჩება.

    -საქართველოში შენ გვარს ზოგი გამოთქვამს როგორც ეგოიანი, ზოგი - იეგოიანი. რომელია სწორი?

    - დიახ… კარგი კითხვაა, რადგან ამას ხშირად მეკითხებიან. მოკლედ, რომ დავაზუსტოთ: ჩემი გვარია ეგოიანი, თუმცა როდესაც 16 წლის წინ ნიდერლანდებში ჩამოვედით, გვარად იეგოიანი დაგვიწერეს. არ ვიცი რატომ, მგონი საბუთებში გაეპარათ შეცდომა, მაგრამ ფაქტია, რომ იეგოიანად გადაგვიკეთეს. მას შემდეგ ამ გვარს ვატარებდი. ერთი წლის წინ მე და ჩემმა ოჯახმა გვარი ისევ დავიბრუნეთ, რადგან ეს ჩვენი ნამდვილი, ოფიციალური გვარია. ასე რომ, ისევ ეგოიანები გავხდით. მიუხედავად ამისა, როგორც ფეხბურთელი, მე მაინც იეგოიანი ვარ, რადგან 16 წლის განმავლობაში ამ გვარით მიცნობდნენ. ამ გვარით გავიზარდე, ამ გვარით ვთამაშობდი „აიაქსში’’, „ტვენტესა“ და „ვიტესში“. დავიბრუნე ჩემი პირვანდელი, ოფიციალური გვარი. ამიტომ, ყველა საბუთში ოფიციალურად ეგოიანი მიწერია, თუმცა მაისურზე ყოველთვის იეგოიანი მეწერება. როცა ხალხი გვარს მეკითხება, მეც ყოველთვის ვეუბნები, რომ იეგოიანი ვარ.

    ირაკლის შესახებ ვრცელი სტატია 2023 წლის ივლისში დავწერე, როცა „ტვენტეს'' 21-წლამდე გუნდის წევრი იყო და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან ჯერ მიწვევა არ ჰქონდა. შეგიძლიათ აღნიშნულ სტატიას გაეცნოთ და ირაკლის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.

    იეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით

     

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კრალინგენის ვარსკვლავების ჯილდო | იეგოიანის აღიარება ნიდერლანდებში
    კრალინგენის ვარსკვლავების ჯილდო | იეგოიანის აღიარება ნიდერლანდებში