კილიან მბაპე, ჟოზე მოურინიო, ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

არბელოა: “მბაპეს დამშვიდებისკენ მოვუწოდე, მასთან პრობლემა არ მაქვს“

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში მადრიდის რეალი სევილიას ესტუმრება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ  სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის კილიან მბაპეზე.

„სევილიასთან“ მატჩზე:

„სევილიამ ბოლო სამი მატჩი მოიგო და ლუისის ხელმძღვანელობით ძალიან კარგ ფორმაშია. მან გუნდის მდგომარეობა შეცვალა. მათი სტადიონი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილია ჩვენთვის იქ არსებული ატმოსფეროს გამო. მათ ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავთ. კიდევ ერთი რთული ბრძოლა გველოდება.“

მბაპეზე:

„ახლახან ვნახე და ვუთხარი, დამშვიდებულიყო. შეიძლება ეს ახლა სიახლედ ჟღერდეს, მაგრამ რაც მან თქვა, ეს უკვე განხილული მქონდა მასთან. ამას მშვიდად ვიღებ. ვიცი, რას ნიშნავს ყოველდღე თამაში და მერე უცებ ვერ თამაში. მესმის მისი. ვიცი, რომ ბედნიერი არ იყო და ეს მომწონს კიდეც. ვერ გავიგებდი, კილიანს რომ თამაში არ ნდომებოდა. ჩემთვის ეს სრულიად ნორმალურია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საუკეთესო იყო, მეორე ტაიმში გარკვეული დრო ეთამაშა. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.“

როგორ დაგიმახსოვრებენ?

„რეალს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და ბუნებრივია, ზოგი მეტად დაგეთანხმება, ზოგი ნაკლებად. ჩემთვის მთავარი ყოველთვის მათი სიყვარული იყო. 43 წლის ვარ და აქედან 20 წელი ამ კლუბში გავატარე — აკადემიაში, პირველ გუნდში, როგორც ელჩმა, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა და ახლა ბოლო თვეები მთავარი გუნდის მწვრთნელად. ეს ძალიან ბევრი წელია იმ ადგილას, რომელსაც ჩემს სახლად და ჩემს კლუბად მივიჩნევ. რასაც ვგრძნობ, არის დიდი სიყვარული. ეს კითხვა არის ის, რომელსაც თავად ვერ ვუპასუხებ.“

მოურინიოზე და უმართავ გასახდელზე:

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მესმის ეს საუბარი ‘უმართავ გასახდელზე’. არ ვეთანხმები ამას. იმ დღეს, როცა კლუბი გადაწყვეტილებას მიიღებს, თავად გამოაცხადებს ამას მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის.

ჟოზე მოურინიოსთან ყოველთვის ძალიან გულწრფელი ვიყავი. როგორც რეალის გულშემატკივარი, ჩემთვის ის ნომერ პირველია. იგივე ვთქვი ჩემპიონთა ლიგის დროსაც. ასე ვფიქრობდი ერთი თვის წინაც და ისევ ასე ვიფიქრებ. ის ყოველთვის ‘ჩვენიანი’ იქნება. თუ დაბრუნდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ სახლში დაბრუნდება.“

ამ პერიოდის ყველაზე რთულ ნაწილზე:

„ამ კლუბში ყველაზე რთული ყოველთვის ის არის, როცა ვერ იგებ. სწორედ ეს მტკენს ყველაზე მეტად — ის, რომ ფეხბურთელებს ტიტულების მოგებაში ვერ დავეხმარე. იმ ზეწოლის გამო, რომელსაც აქ ვგრძნობთ, იმ უამრავი ადამიანის იმედების გამო, რომლებიც ჩვენს მხრებზეა. ის, რომ მათ ვერ დავეხმარე, ყველაზე მეტად სწორედ ეს მტკენს.“

შეგახსენებთ, რომ არბელოას ხელმძღვანელობით ბლანკოსი სამეფო კლუბიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. ასევე რეალმა ლა ლიგა ბარსელონასთან წააგო.

ბოლო დროინდელი ინფორმაციით, არბელოას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლებს, რომელიც ბლანკოსს 2010/2013 წლებში წვრთნიდა.

ცნობისთვის, სევილიას და რეალის დაპირისპირება 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინისიუსი ამის გამო უნდა გაუშვან“ - კანისარესის მადრიდული შავი სია
„ვინისიუსი ამის გამო უნდა გაუშვან“ - კანისარესის მადრიდული შავი სია