„ალაგ-ალაგ მოგება საკმარისი არაა“ - სალაჰის კრიტიკული განცხადება
„ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი „ენფილდზე“ 9-წლიან კარიერას ასრულებს. „ასტონ ვილასთან“ წაგებულ მატჩში ეგვიპტელი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, როცა არნე სლოტის გუნდი 1:3 აგებდა.
მატჩის შემდეგ სალაჰმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ლივერპულის“ სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ გუნდმა ის სათამაშო სტილი უნდა დაიბრუნოს, რომელიც „ენფილდზე“ იურგენ კლოპმა დანერგა.
„მე ვიყავი იმის მომსწრე, ეს გუნდი ჩემპიონებად როგორ ყალიბდებოდა. ამას დიდი შრომა დასჭირდა და მეც ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, რათა კლუბს ამ მიზნისთვის მიეღწია. ამით ყოველთვის ძალიან ვიამაყებ.
[ასტონ ვილასთან] მორიგი მატჩი წავაგეთ, რაც ძალიან მტკივნეულია - ჩვენი გულშემატკივრები ამას არ იმსახურებენ. მინდა, რომ ლივერპული ისევ იმ ულტრაშემტევ გუნდად იქცეს, რომლისაც ყველა მეტოქეს ეშინოდა და რომელიც ტიტულებს იგებდა.
ეჭვგარეშეა, რომ ეს იდენტობა უნდა დავიბრუნოთ, და ყველამ, ვინც ამ კლუბს შეუერთდება, ეს უნდა გაითავისოს. ალაგ-ალაგ მატჩების მოგება საკმარისი არაა. აქა-იქ მატჩებს ყველა გუნდი იგებს, ლივერპულს უფრო მაღალი მიზნები უნდა ჰქონდეს.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამ სეზონში მინიმალური ამოცანა უნდა იყოს, და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ“.
ბრიტანული მედია წერს, რომ ამ განცხადებით სალაჰმა არნე სლოტზე ზეწოლა გაზარდა და თუ „წითლები“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან, ნიდერლანდელ სპეციალისტს გათავისუფლება დაემუქრება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლივერპულის ექსფეხბურთელი ჩაბი ალონსო ძალიან ახლოსაა ლონდონის „ჩელსის“ გაწვრთნასთან, პრესა კი მას სლოტის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად ასახელებდა.