„დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ“ - სლოტმა მარცხი შეაფასა
ინგლისის გუნდების ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლა რომ არა, რის გამოც გაისად პრემიერლიგას ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ოთხის ნაცვლად ხუთი წარმომადგენელი ეყოლება, „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა, რადგან არნე სლოტის შეგირდები საოცრად არადამაჯერებლად ასპარეზობენ და პრინციპულ მეტოქეებთან მარცხდებიან. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო გუშინ ბირმინგემში, „ასტონ ვილასთან“ (2:4) განცდილი მარცხი, სადაც ევროპა ლიგის ფინალისტებმა გიორგი მამარდაშვილის კარში ოთხი ბურთი გაიტანეს. პრესკონფერენციაზე ლივერპულელთა ნიდერლანდელი დამრიგებელი უზომოდ იმედგაცრუებული იყო.
არნე სლოტი
ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, ამჯერადაც დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით. დავმარცხდით და ახლა უკვე წაგების მიზეზებზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. რისი იმედი მაქვს ახლა ყველაზე მეტად? იმის, რომ უკანასკნელ ტურში „ენფილდ როუდზე“ გვიწევს ასპარეზობა და ამ სტადიონის საოცარმა აურამ მიზანთან ახლოს უნდა მიგვიყვანოს.
ცნობისათვის, როგორც სლოტმა აღნიშნა, პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლივერპული“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს. იქამდე კი 19 მაისს, „ბორნმუთი“ „მანჩესტერ სიტისთან“ გამოტოვებულ თამაშს ჩაატარებს და თუ ისე მოხდა, რომ სენსაცია მოახდინა და მოიგო, ბოლო ტურის წინ ბორნმუთელებს ლივერპულელებთან მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა ექნებათ. აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგას „ალუბლები“ „ნოტინგემთან“ საგარეო თამაშით ასრულებენ.