წლის საუკეთესო მებრძოლი | MMA Junkie-მ მერაბ დვალიშვილი გამოარჩია
ავტორიტეტულმა გამოცემამ, MMA Junkie-მ, 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. გამოცემამ საკუთარ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგადაც პირველი ადგილი მერაბ დვალიშვილმა დაიკავა. „მანქანამ“ ისლამ მახაჩევსა და პიოტრ იანს აჯობა.
„სამი გამარჯვება საჩემპიონო ჩხუბებში ცხრა თვის განმავლობაში — ურთულესი კალენდარი და სრული დომინაცია. ამას ემატება მისი მცდელობა, ისტორია დაეწერა და საკუთარი სახელი უკვდავეყო. რთული არ არის იმის გაგება, რატომ გახდა დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლი“, — წერს MMA Junkie.
ცნობისთვის, 2025 წელს „მანქანამ“ პირველი ორთაბრძოლა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამის შემდეგ დვალიშვილმა შონ ომალი დააფინიშა, ხოლო მესამე ბრძოლა კორი სენდჰეგენთან მოიგო. სამწუხაროდ, მერაბმა ბოლო ჩხუბი პიოტრ იანთან დათმო და საჩემპიონო ქამარი დაკარგა.
ასევე გეტყვით, რომ MMA Junkie-ის გამოკითხვაში „მანქანამ“ ექვსი ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა მახაჩევმა ხუთი ხმა დააგროვა, ხოლო იანმა — ერთი.