ფიფას რეიტინგი განახლდა | რომელ ადგილზე დავასრულეთ 2025 წელი
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. ეს 2025 წელს ბოლო განახლება იყო და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წელი 1347.88 ქულით, 73-ე პოზიციაზე დაასრულა.
ვილი სანიოლის გუნდი ნოემბრის განახლების შემდეგაც 73-ე ადგილს იკავებდა და პოზიცია შეინარჩუნა. „ჯვაროსნების“ უშუალო მდევრები ისლანდია (1344.72 ქულა) და ფინეთი (1341.81 ქულა) არიან, ხოლო ჩვენ წინ განა (1351.09 ქულა), ბოსნია და ჰერცეგოვინა (1362.37 ქულა) და იამაიკა (1362.46 ქულა) იმყოფებიან.
2025 წელი რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით ესპანეთმა დაასრულა. მეორე პოზიციაზე არგენტინაა, ხოლო „ალბისელესტეს“ საფრანგეთი და ინგლისი მოჰყვებიან. ბრაზილია მეხუთე ადგილზეა, პორტუგალია — მეექვსეზე, ნიდერლანდები — მეშვიდეზე, ბელგია — მერვეზე, გერმანია — მეცხრეზე, ხორვატია კი — მეათეზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
29 მარტს კი ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად, კაუნასში დაუპირისპირდება. მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია, რომელიც სექტემბერში დაიწყება.