100-პროცენტიანი პენალტი იყო | ეგოიანი მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-7 ტურში „აიაქსმა’’ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე „ექსელსიორი’’ მიიღო, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 62-ე წუთზე ირაკლი ეგოიანის პასის შემდეგ აიმენ სლიტიმ „ექსელსიორი'' დააწინაურა - 1:2.
გარდა ამისა, იყო ეპიზოდი, როცა მსაჯმა „აიაქსის'' საჯარიმოში ირაკლის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა, ფეხბურთელის აზრით 100-პროცენტიანი პენალტი იყო. ამ თემაზე ირაკლი ESPN-ს ესაუბრა.
ჟურნალისტი: როგორ ხარ? სახეში ბუცი მოგხვდა, არა?
ეგოიანი: დიახ, კარგად შეგიმჩნევიათ. სახეში საკმაოდ ძლიერად მომხვდა. ცოტა სისხლი წამომივიდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ.
ჟურნალისტი: როგორც გავიგე, „ექსელსიორში“ თამაშის წესებში ყველაზე კარგად შენ ერკვევი. იყო თუ არა პენალტი ?
ფეხბურთელი: დიახ, ჩემი გადმოსახედიდან 100%-იანი პენალტი იყო.
ჟურნალისტი: მოდი ვნახოთ (აჩვენებენ ეპიზოდის გამეორებას). მართალია, ის ბურთზე თამაშობს, მაგრამ შენ გეხება. რამდენად ძლიერი დარტყმა იყო? შენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იყო?
ეგოიანი: დიახ, ვფიქრობ, რომ ფეხი ძალიან მაღლა აწია და... მომხვდა. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მან (მსაჯმა) პენალტი არ დანიშნა, ასე რომ, არის ის, რაც არის.
შეგახსენებთ, ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, მოქმედ ჩემპიონ პსვ-სთან, „ვილემ II“-თან და „ნეიმეგენთან'', რომელმაც გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და „აიაქსთან'').
საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება, მოულოდნელი არაა, რომ ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ირაკლი ეგოიანი გამოიძახა. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.
ფოტოზე: „ექსელსიორის'' მთავარი მწვრთნელი რუბენ დენ უილი და ირაკლი ეგოიანი