მე-14 ნახევარფინალი Us Open-ზე | ჯოკოვიჩმა ფრიცს ოთხ სეტში მოუგო
ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის ნახევარფინალში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა მასპინძელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა და ამერიკელ ჩოგბურთელს ოთხ სეტში მოიგო. „ნოლემ“ პირველ და მეორე სეტში 6:3 და 7:5 იმარჯვა. ფრიცმა მესამე სეტი 6:3 მოიგო, თუმცა მეოთხე 4:6 დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ჯოკოვიჩი US Open-ის ნახევარფინალში კარიერაში მეთოთხმეტედ გავიდა და ჯიმი კონორსის რეკორდს გაუთანაბრდა. სერბი ჩოგბურთელი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ღია ტურის ეპოქაში, ერთ სეზონში, ოთხი დიდი სლემის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ნოვაკმა ეს 38 წლისა და 94 დღის ასაკში გააკეთა.
„საწყის შვიდ-რვა გეიმში კარგად არ მითამაშია, რომ რაიმე სახის შანსი მიმეღო. საკუთარ ჩაწოდებებზე ვცდილობდი, გადავრჩენოდი და ყოველი გათამაშებისას ვიბრძოდი. ფრიცი აგრესიულ სტილში თამაშობდა, ბურთს ხაზთან ახლოს სვამდა და მისთვის კონკურენციის გაწევა მარტივი არ ყოფილა. მეორე სეტში გამიმართლა, რომ ბრეიკპოინტი გამოვიყენე და ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მეორე და მესამე პარტიის დიდი ნაწილი ფრიცმა უკეთ ჩაატარა. ახლო თამაში იყო და ასეთ თამაშებში თითოეული ქულა გადამწყვეტია. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ დასრულდა და ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ცნობისთვის, სერბი ჩოგბურთელი ნახევარფინალში კარლოს ალკარასს დაუპირისპიდება. ბადის მეორე მხარეს, მეოთხედფინალში იანიკ სინერი ლორენცო მუზეტის ხვდება, ხოლო ალექს დე მინაური საუკეთესოს ვინაობას ფელიქს ოჟე-ალიასიმის წინააღმდეგ არკვევს.